კახა კაკაბაძის ვიზიტი ჩეხეთის რესპუბლიკაში
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე, ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, ჩეხეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა მორავიის კარსტის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციაში, სადაც საქართველოს და ჩეხეთის მხარის წარმომადგენლებმა ტყის და დაცული ლანდშაფტის მართვის პრინციპებზე იმსჯელეს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ტყის სექტორის მართვის რეფორმის ფარგლებში, აქტიურად მიმდინარეობს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ეროვნული სატყეო სააგენტო თანამშრომლობს შესაბამის ორგანიზაციებთან და ახორციელებს არაერთ მიზნობრივ პროგრამას, რაც რეფორმის წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია. მიმდინარე აქტივობებს შორისაა ჩეხეთისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოების (CzDA/ADA) მიერ დაფინანსებული პროგრამა „არაგვის დაცული ლანდშაფტისა და ადგილობრივი თემების მდგრადი განვითარება“. ისევე როგორც ქვეყენაში მიმდინარე სატყეო რეფორმის, ასევე აღნიშნული პროგრამის პრიორიტეტული მიმართულება მრავალმიზნობრივი ტყითსარგებლობა, მათ შორის, ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაა.