საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნებით ტყითსარგებლობა
საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით ტყით სპეციალური სარგებლობა (შემდგომში - რეკრეაციული ტყითსარგებლობა) გულისხმობს დასვენების, ფიზიკური გაჯანსაღებისა და სხვა მსგავსი მიზნებისთვის ტყის ფართობის გამოყენებას აუცილებელი შენობა-ნაგებობების, მათ შორის, კვების ობიექტებისა და დამხმარე სათავსების აშენებით, მოწყობილობებისა და სპორტული ინვენტარის დამონტაჟებით, სასეირნო ბილიკებისა და გადასახედების და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობით.
რეკრეაციული ტყითსარგებლობის უფლების მაძიებელს ამ უფლების მოპოვება არ ათავისუფლებს შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ნებართვის მოპოვების ვალდებულებისაგან.
რეკრეაციული ტყითსარგებლობისთვის ტყის მართვის ორგანოს მიერ ან ტყით სპეციალური სარგებლობით დაინტერესებული პირის ინიციატივით ფართობის შერჩევა ხდება ტყის ფართობზე, ტყის მართვის გეგმის ან/და წლიური სამოქმედო გეგმის საფუძველზე. ტყის ფართობის შერჩევის მასალები უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) შერჩეული ტყის ფართობის და მიმდებარე ტერიტორიების ზოგადი დახასიათება;
ბ) ტყის ფართობზე არსებული მცენარეთა სახეობების ტაქსაციური მონაცემების შესახებ ინფორმაცია;
გ) ინფორმაცია შერჩეულ ფართობზე საქართველოს წითელი ნუსხით დაცულ მერქნიან მცენარეთა სახეობების არსებობის შესახებ.
რეკრეაციული ტყითსარგებლობის უფლება შეიძლება გაიცეს არაუმეტეს 49 წლის ვადით.
რეკრეაციული ტყითსარგებლობის მიზნებისთვის დასაშვებია ტყის მერქნული რესურსების ჭრის უფლების მინიჭება არაუმეტეს 1 ჰექტარზე 40 მ3 ოდენობით.
რეკრეაციული მიზნით ტყითმოსარგებლე ვალდებულია, რეკრეაციული მიზნით გრძელვადიანი ტყითსარგებლობის უფლების მოპოვებიდან ერთი წლის ვადაში შეიმუშაოს და ტყის მართვის ორგანოს წარუდგინოს ტყითსარგებლობის გეგმა, რომელიც, სულ მცირე, უნდა შეიცავდეს ინფორმაციას:
ა) რეკრეაციული ტყითსარგებლობის სახეების შესაბამისად დაგეგმილი აქტივობების შესახებ (მათი განხორციელების გეგმა-გრაფიკით);
ბ) ტყის ბიოლოგიური მრავალფეროვნების, ველურ მცენარეთა და გარეულ ცხოველთა სამყაროს ჰაბიტატების მაქსიმალურად დაცვის მექანიზმებზე.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია
დაინტერესებული პირის განცხადებაში გარდა „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 78-ე მუხლით გათვალისწინებული მონაცემებისა, მითითებული უნდა იყოს:
ა) რეკრეაციული ტყითსარგებლობის ფარგლებში განზრახული საქმიანობის აღწერა;
ბ) ტყის ფართობისა და მისი საზღვრების შესახებ ინფორმაცია (საკადასტრო აზომვითი ნახაზი);
გ) ტყის ფართობის მდებარეობის (სატყეო, კვარტალი, ლიტერი, სიმაღლე ზღვის დონიდან, დაქანება, ექსპოზიცია და სხვა) შესახებ ინფორმაცია;
დ) ტყის ფართობზე არსებული და მოსაწყობი გზებისა და სხვა ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაცია.
დაინტერესებულმა პირმა ტყის მართვის ორგანოში ასევე უნდა წარადგინოს ტერიტორიის განვითარების გეგმა, იმ აუცილებელი პირობის გათვალისწინებით, რომ ტყითსარგებლობამ არ უნდა გამოიწვიოს ხეების დაზიანება, შენარჩუნებული უნდა იქნეს ბუნებრივი ლანდშაფტი, ცხოველთა და მცენარეული სამყაროს ობიექტები, ზედაპირული წყლის ობიექტები.
- ძირითადი ინფორმაცია
- პლანტაციური მეურნეობის მოწყობა
- სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობა
- საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნებით ტყითსარგებლობა
- ცხოველთა თავშესაფრებისა და სანაშენის მოწყობის მიზნით ტყით სპეციალური სარგებლობის მიზანი
- სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნებით ტყითსარგებლობის მიზანი