სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობა
სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობა გულისხმობს ტყის მიწის (ტყის ფართობის) გამოყენებას სათიბად, საძოვრად, ან ფუტკრის დროებითი სადგომების მოსაწყობად.
სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყის მიწები არ გაიცემა მრავალწლიანი (ვაზი, ხეხილი და სხვა) კულტურების გაშენებისა და ერთწლიანი კულტურების მოსაყვანად.
სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობის განსახორციელებლად ტყის ფართობი შეირჩევა ტყის მართვის ორგანოს მიერ ან ტყით სპეციალური სარგებლობით დაინტერესებული პირის ინიციატივით, ტყის მართვის გეგმის ან/და წლიური სამოქმედო გეგმის საფუძველზე. ტყის ფართობის შერჩევის მასალები უნდა შეიცავდეს შემდგ მონაცემებს:
ა) ტყის ფართობისა და მისი საზღვრების შესახებ ინფორმაცია;
ბ) ტყის ფართობის მდებარეობის (სატყეო, კვარტალი, ლიტერი, სიმაღლე ზღვის დონიდან, დაქანება, ექსპოზიცია და სხვა) შესახებ ინფორმაცია;
გ) ტყის ფართობზე არსებული და მოსაწყობი გზებისა და სხვა ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაცია;
დ) ტყის ფართობზე არსებული მცენარეთა სახეობების ტაქსაციური მონაცემების შესახებ ინფორმაცია;
ე) შერჩეული ტყის ფართობის მიმდებარე ტერიტორიების ზოგადი დახასიათება.
ტყის მიწის გამოყოფა სათიბად და საძოვრად დასაშვებია არაუმეტეს 10 წლის ვადით, ხოლო ფუტკრის დროებითი სადგომის მოწყობისთვის - არაუმეტეს 5 წლის ვადით.
ტყის მიწის სათიბად გამოყენების მიზნით სამუშაოების განხორციელებისას დაუშვებელია მუხლუხოიანი ტექნიკის გამოყენება.
სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობა ხორციელდება ტყის მიწაზე, იმ ფორმებითა და მეთოდებით, რომლებიც არ აზიანებს აღმონაცენ-მოზარდს, არ იწვევს მერქნიანი მცენარეების დაზიანებას ან/და ეროზიულ მოვლენებს.
სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობაში გაცემულ ტყის მიწაზე დაიშვება მხოლოდ დროებითი ნაგებობების მოწყობა.
სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითმოსარგებლე ვალდებულია სასოფლო-სამეურნეო მიზნით (სათიბად და საძოვრად) გრძელვადიანი ტყითსარგებლობის უფლების მოპოვებიდან ერთი წლის ვადაში შეიმუშაოს და ტყის მართვის ორგანოს წარუდგინოს ტყითსარგებლობის გეგმა, რომელიც, სულ მცირე, უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ნიადაგის დაცვის ლაბორატორიული კვლევების, ნიადაგის დაცვის ღონისძიებების განხორციელების და ნიადაგის მონიტორინგის ორგანიზების მეთოდებზე და ვადებზე.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია
დაინტერესებული პირის განცხადებაში გარდა „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 78-ე მუხლით გათვალისწინებული მონაცემებისა, მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია:
ა) გამოსაყენებელი ტყის ფართობის და საზღვრების შესახებ (საკადასტრო აზომვითი ნახაზი);
ბ) საძოვარზე პირუტყვის რაოდენობის, ხოლო ფუტკრის დროებითი სადგომების მოწყობის შემთხვევაში - დროებითი სადგომების ოდენობის შესახებ.
განცხადებას ასევე უნდა დაერთოს ვეტერინარული ცნობა პირუტყვის სავალდებულო აცრების შესახებ.
- ძირითადი ინფორმაცია
- პლანტაციური მეურნეობის მოწყობა
- სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობა
- საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნებით ტყითსარგებლობა
- ცხოველთა თავშესაფრებისა და სანაშენის მოწყობის მიზნით ტყით სპეციალური სარგებლობის მიზანი
- სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნებით ტყითსარგებლობის მიზანი