ორ ქვეყანას შორის სატყეო სექტორში თანამშრომლობა

ბეჭდვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი მოადგილე კახა კაკაბაძე სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის მოდგილემ, ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, პარიზის სამხრეთით მდებარე სახელმწიფო ტყის ის ტერიტორია დაათვალიერა,   სადაც საფრანგეთის ეროვნული ტყის ოფისი დეგრადირებული ტყის აღდგენის ღონისძიებებს ახორციელებს.

ურბანულ დასახლებასთან ახლოს მდებარე აღნიშნულ ტყის მასივს დაცვითი ტყის კატეგორია 2016 წელს მიენიჭა. 374 ჰა ფართობზე,  ძირითადად, ფოთლოვანი სახეობები - მუხა და წაბლია გაშენებული; თუმცა, კლიმატის ცვლილების უარყოფითი გავლენისა და წაბლის დაავადების გამო, ტყე დეგრადირებულია. წაბლის ე.წ მელნისებრი დაავადების წინააღმდეგ სანიტარიული ჭრები, ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებები და მუდმივი მონიტორინგი მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში  წაბლის დაავადება გასული საუკუნის 40-იან წლებში დაფიქსირდა. სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო სანიტარიულ ჭრებს და დაავადების წინააღმდეგ ბიოლოგიური ბრძოლის მეთოდის გამოცდას ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ახორციელებს.  

საფრანგეთში კახა კაკაბაძის ვიზიტის ფარგლებში, შესაბამის უწყებებთან გამართულ შეხვედრებზე, მხარეებმა დაავადებებთან ბრძოლის მიმართულებით ერთობლივი პროექტების განხორციელებასა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. ეროვნულ სატყეო სააგენტოსა  და საფრაგნეთის ეროვნული ტყის ოფისს შორის უახლოეს მომავალში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.