2008-2017 წლებში სამცხე-ჯავახეთის რეგიონში (ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბანი) ხანძრით განადგურებული ტყის აღდგენა
ტყის მართვის და აღდგენის პროექტები23 ოქტ. 2019
2008 წლის აგვისტოს თვეში, რუსეთ-საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ხანძრით განადგურდა ბორჯომის ხეობის უნიკალური ტყის მასივები.
16 აგვისტოს დაწყებული ხანძარი გრძელდებოდა 26 დღის განმავლობაში და მოიცვა სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიის 950,9 ჰა (ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბნის ჩარხისწყლის, ტბის და წაღვრის სატყეოები) ფართობი.
სრულად განადგურდა დაახლოებით 250 ჰა ფართობი (ტბის სატყეო, სოფელი დაბის მიმდებარე ტერიტორია), ხოლო, დარჩენილმა ნაწილმა მიიღო სერიოზული დაზიანება.
2017 წლის 20 აგვისტოს ხანძარი განმეორებით გაჩნდა ბორჯომის ხეობაში. ხანძრის კერა 2008 წლის აგვისტოს თვეში რუსეთ-საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად გადამწვარი ტყის ფართობზე - 2014-2017 წელს აღდგენილ ტერიტორიებსა და 2008 წლის ხანძარს გადარჩენილი ტყის მასივს შორის არსებულ ფართობზე წარმოიშვა. სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობდა 20-26 აგვისტოს პერიოდში.
ხანძრის პერიმეტრმა 943 ჰა შეადგინა, აქედან უმეტესი ნაწილი 2008 წელს განადგურებული და აღდგენილი ტერიტორიებს მოიცავდა.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ტყის აღდგენა წარმოადგენს ხანგრძლივვადიან და სპეციფიურ პროცესს, ტერიტორიაზე სააგენტოს მუდმივი მონიტორინგი გაგრძელდება მომავალი 10 წლის განმავლობაში და ნახანძრალი ტერიტორიის სრულად აღდგენის უზრუნველსაყოფად, ყოველი კონკრეტული შემთხვევისათვის, აღსადგენი ტერიტორიის შერჩევა მოხდება სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ სპეციალური შესწავლის საფუძველზე და მომზადდება შესაბამისი ტყის აღდგენის პროექტები, თითოეული გამოვლენილი, აღდგენას დაქვემდებარებული ფართობისათის.