ტყის მდგრადი მართვა ადიგენის მუნიციპალიტეტში
საერთაშორისო პროექტები28 აპრ. 2020
განხორციელების პერიოდი: 2020 - 2021 წლები (20 თვე)
მიზანი: პროექტის მიზანია ტყის მდგრადი მართვის ხელშეწყობა და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.
პროექტის ფარგლებში განხორციელდება ტყის ინვენტარიზაცია და მომზადდება ტყის მართვის გეგმა ადიგენის სატყეო უბნისთვის, აგრეთვე შემუშავდება ტყეების მრავალმიზნობრივი გამოყენების გეგმა. პროექტი დამატებით მოიცავს შესაძლებლობების გაძლიერების კომპონენტს, როგორც სატყეო სექტორში დასაქმებულთათვის, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისთვის. პროექტის განხორციელებაში ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად ჩაერთვებიან სლოვენიელი ექსპერტები, რომლებიც ტყის მდგრადი მართვის სლოვენიურ გამოცდილებას გაუზიარებენ სააგენტოსა და ადიგენის ადგილობრივ მოსახლეობას.
პროექტი შედგება სამი კომპონენტისგან:
1. მრავალმიზნობრივი ტყის მართვის გეგმის შემუშავება;
2. შესაძლებლობათა გაძლიერება;
3. ტყეზე დაფუძნებული ღირებულებათა ჯაჭვის საინვესტიციო მხარდაჭერა.
პროექტი "ტყის მდგრადი მართვა ადიგენის მუნიციპალიტეტში" წარმოადგენს ეკო-კორიდორების პროგრამის შემადგენელ ნაწილს. აღსანიშნავია, რომ WWF-ის ეკო-კორიდორების პროგრამის ფარგლებში ჩამოყალიბდა სათემო გაერთიანებები, რომლებმაც მიიღეს მხარდაჭერა კონსერვაციის მიზნების მისაღწევად (დამატებითი ინფორმაცია პროგრამის შესახებ გთხოვთ იხილოთ შემდეგ მისამართზე: www.ecfcaucasus.org). შესაბამისად, პროექტის ფარგლებში, განმახორციელებელი უზრუნველყოფს ადიგენის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის შესაძლებლობის გაძლიერებას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მათ მიერ ორგანიზებული საზოგადოებრივი გაერთიანებების (სათემო კავშირები) მონაწილეობას სატყეო სექტორში მომსახურების გაწევის პროცესში, აგრეთვე ღირებულებების ჯაჭვის და შესაბამისი პროდუქტების შექმნაში.
მოსალოდნელი შედეგი:
- განხორციელებულია ადიგენის სატყეო უბნის ინვენტარიზაცია;
- შემუშავებულია ტყის მართვის გეგმა;
- შეფასებულია ადიგენის სატყეო უბანში CO2 - ის შთანთქმის პოტენციალი;
- შემუშავებულია ადიგენის სატყეო უბნისთვის ბიზნეს მოდელის და ინსტიტუციური განვითარების გეგმა;
- გამზადებულია ეროვნული სატყეო სააგენტოს, აგრეთვე ადგილობრივი მოსახლეობის მიერ შექმნილი სათემო კავშირების წარმომადგენლები და მომსახურების მიმწოდებლები ტყის აღრიცხვის, ტყის მართვის დაგეგმვისა და სატყეო ღონისძიებების განხორციელების, შესაბამისი ტექნიკის გამოყენების, ასევე სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების ზომების დაცვის მიმართულებით;
- შემუშავებულია გეგმა მერქნული და არამერქნული პროდუქტების ღირებულებათა ჯაჭვის განსავითარებლად;
- შემუშავდა ადიგენის სატყეო უბანში ეკო-ტურიზმის განვითარების გეგმა.
ბიუჯეტი: პროექტი დაფინანსებულია სლოვენიის მთავრობის მიერ. საგრანტო თანხა შეადგენს 563 540 ევროს.
დონორი: სლოვენიის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების ცენტრი (CMSR)
განმახორციელებელი: ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF) და სლოვენიური საკონსულტაციო კომპანია "Zavita Consulting" - ის მიერ შექმნილი კონსორციუმი.