პლანტაციური მეურნეობის მოწყობა

 

ტყეში პლანტაციური მეურნეობის მოწყობის მიზანს შეიძლება შეადგენდეს ტყის მერქნიანი სახეობების მიზნობრივი  შერჩევით და დარგვა/მოთესვით:

ა) მერქნული რესურსების, არამერქნული რესურსების და მათი პროდუქტების მიღება;
ბ) სხვადასხვა დანიშნულების (მათ შორის, სარგავი მასალის მიღება, საახალწლო წიწვოვან ხეებად  ხე-მცენარეების მიღება და სხვ.) ნარგაობის შექმნა.

პლანტაციური მეურნეობის მოწყობის მიზნით ფართობის შერჩევა უნდა მოხდეს ტყის მიწაზე, ან ისეთ ტერიტორიაზე, სადაც პლანტაციური მეურნეობის წარმოების მიზნებისთვის დასაშვებია ტყის მერქნული რესურსების ჭრა 1 ჰექტარზე არაუმეტეს 20 მ3 ოდენობით. პლანტაციური მეურნეობის წარმოების მიზნების განხორციელებისთვის დასაშვებია ბუჩქნარისა და ქვეტყის ფანჯრულად ან ზოლებრივად ჭრა.

პლანტაციურ მეურნეობაში ხეტყის დამზადება ხდება პლანტაციური მეურნეობის მიზნებიდან გამომდინარე. ხეტყის დამზადება ხორციელდება ტყეკაფის გამოყოფით. პლანტაციური მეურნეობის წარმოების შედეგად დამზადებული მერქნული რესურსი წარმოადგენს პლანტაციური მეურნეობის მწარმოებელი პირის საკუთრებას.

დაინტერესებული პირის მიერ პლანტაციური მურნეობის ფართბობებზე დასაშვებია პიწმინდა სამეურნეო ჭრა. 

პლანტაციური მეურნეობის მიზნით გაცემულ ტყის ტერიტორიაზე დაიშვება მხოლოდ დროებითი ნაგებობების მოწყობა.

პლანტაციური მეურნეობის მოწყობით დაინტერესებული პირი ვალდებულია შეიმუშაოს პლანტაციური მეურნეობის მოწყობის პროექტი, რომელიც დგება საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ,,ტყის დაცვის, აღდგენისა და მოვლის წესის“ შესაბამისად.   

პლანტაციური მეურნეობის მოწყობის უფლება შეიძლება გაიცეს არაუმეტეს 49 წლის ვადით.

პლანტაციური მეურნეობის მოწყობის მიზნით ტყითმოსარგებლე ვალდებულია პლანტაციური მეურნეობის მოწყობის მიზნით გრძელვადიანი ტყითსარგებლობის უფლების მოპოვებიდან ერთი წლის ვადაში შეიმუშაოს და ტყის მართვის ორგანოს წარუდგინოს ტყითსარგებლობის გეგმა, რომელიც ,სულ მცირე, უნდა შეიცავდეს ინფორმაციას:

ა) პლანტაციური მეურნეობის განვითარების შესახებ,
ბ) მცენარეთა დაცვის ღონისძიებებისა და გამოყენებული საშუალებების შესახებ;
გ) საირიგაციო საშუალებების შესახებ;
დ) ნიადაგის დაცვის ლაბორატორიული კვლევების, ნიადაგის დაცვის ღონისძიებების განხორციელების და ნიადაგის მონიტორინგის ორგანიზების მეთოდეის და ვადების შესახებ. 

წარმოსადგენი დოკუმენტაცია

დაინტერესებული პირის განცხადებაში გარდა „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 78-ე მუხლით გათვალისწინებული მონაცემებისა, მითითებული უნდა იყოს:

ა) პლანტაციური მეურნეობის მოწყობის მიზნით ტყითსარგებლობის ფარგლებში განზრახული საქმიანობის აღწერა;
ბ) ტყის ფართობისა და მისი საზღვრების შესახებ ინფორმაცია (საკადასტრო აზომვითი ნახაზი);
გ) ტყის ფართობის მდებარეობის (სატყეო, კვარტალი, ლიტერი, სიმაღლე ზღვის დონიდან, დაქანება, ექსპოზიცია და სხვა) შესახებ ინფორმაცია;
დ) ტყის ფართობზე არსებული და მოსაწყობი გზებისა და სხვა ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაცია.