მეტყევე-ტაქსატორების გადამზადების მეორე ეტაპი

ბეჭდვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მეტყევე-ტაქსატორების გადამზადების მეორე ეტაპს იწყებს. გასულ წელს, სატყეო სააგენტოს ინიციატივით, მომზადდა სპეციალური სტაჟირების პროგრამა. გადამზადდა სატყეო განათლების მქონე 15 ახალგაზრდა, რომლებიც დასაქმდა ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოებზე. აღნიშნული მიმართულებით საქმიანობას სააგენტო 2020 წელსაც აგრძელებს. 22-მდე სატყეო საქმის სპეციალისტს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი არჩილ ნიკოლეიშვილი შეხვდა და მათ დარგის განვითარების მნიშვნელობაზე ესაუბრა. დარგის განვითარება დამოკიდებულია სწორედ ახალგაზრდა კვალიფიციურ კადრებზე, რომლის ნაკლებობასაც სექტორი წლების განმავლობაში განიცდიდა, შესაბამისად სატყეო საქმის სპეციალისტების გადამზადება და დასაქმება ინვენტარიზაციის სამუშაოებზე, სააგენტოს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ტყის ინვენტარიზაცია ტყის მდგრადი მართვისა და ყველა სახის სატყეო სამეურნეო ღონისძიების დაგეგმვის საფუძველს წარმოადგენს, მისი სარევიზიო პერიოდი 10 წელია, თუმცა, უკანასკნელი ტყის ინვენტარიზაციის მასალები ქვეყანაში 1997 წლით თარიღდებოდა. მნიშვნელოვანი პრობლემაა, რომ ქვეყანაში თითქმის აღარ დარჩა შესაბამისი კვალიფიკაციის მეტყევე სპეციალისტები (ე.წ ტაქსატორები), ვისაც შეუძლია როგორც საველე სამუშაოების ჩატარება, ასევე ტყის მართვის გეგმების მომზადება. პროცესის აღდგენა ეროვნულმა სატყეო სააგენტომ 2013 წლიდან შეძლო. დღეისათვის ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ განახლებულია ინფორმაცია სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული 232 316 ჰა ფართობისთვის და მომზადებულია ტყის მართვის გეგმები მომავალი 10 წლიანი პერიოდისთვის.