ბზის შეწამვლა ნაქერალას უღელტეხილზე
ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი არჩილ ნიკოლეიშვილი რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც ნაქერალას უღელტეხილზე, კოლხური ბზის კორომების შეწამვლის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, ინვაზიური მავნებლის, ბზის ალურას (Cydalima perspectalis) წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებს ‘’კოლხური ბზის გადარჩენის ეროვნული სამოქმედო გეგმის’’ ფარგლებში, 2016 წლიდან ახორციელებს. კოლხური ბზის დაზიანებული კორომები ბიოლოგიური პრეპარატით მუშავდებოდა იმერეთში, სამეგრელო-ზემო სავანეთსა და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონებში, სულ - 550 ჰა ფართობზე. მავნებლის წინააღმდეგ, ასევე გამოყენებული იყო ფერომონიანი მწერსაჭერები.
მიმდინარე წელს სფეროს ექსპერტების, სამეცნიერო წრეების, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, აქცენტი გაკეთდეს საკონსერვაციო ქმედებებზე, გამოიყოს სანიმუშო ფართობები და მოხდეს მათი ქიმიური პრეპარატით დამუშავება. სანიმუშო ფართობად ნაქერალას უღელტეხილზე არსებული კოლხური ბზის ბუნებრივი წარმოშობის 20 ჰექტრიანი კორომი შეირჩა, რომელიც 2019 წელს 3-ჯერ დამუშავდება, ხოლო, იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში არსებულ ბზის კორომებში ბრძოლისა და მონიტორინგის ღონისძიებები ფერომონიანი მწერსაჭერებით გაგრძელდება.
მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიების გარდა სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო კოლხური ბზის დაკალმებასაც ახორციელებს, მისი გამრავლებისა და ბუნებაში დაბრუნების მიზნით.