ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბაში, 2008 და 2017 წლებში ხანძრით დაზიანებულ ტყეში დარგვის საგაზაფხულო სამუშაოები დასრულდა

ბეჭდვა

ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბაში, 2008 და 2017 წლებში ხანძრით დაზიანებულ ტყეში დარგვის საგაზაფხულო სამუშაოები დასრულდა, რის შემდეგაც მოვლის ღონისძიებები გაგრძელდება. შემოდგომიდან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო დარგვის სამუშაოებს განაახლებს.

ტყის აღდგენის პროექტი ამჯერად საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს გააცნეს. გასული წლის შემოდგომაზე ეროვნულმა სატყეო სააგენტომ 144 ჰა ფართობი აღადგინა. საგაზაფხულო სამუშაოები წელსაც იგივე ტერიტორიაზე გაგრძელდა და 35 ათასამდე წიწვოვანი და ფოთლოვანი სახეობის ნერგი დაირგო.

დღესვე, სოფელ დაბის მიმდებარედ, პარლამენტის აპარატის თანამშრომლებმა, სიმბოლურად 50-მდე წიწვოვანი სახეობის ნერგი დარგეს, რომელიც ეროვნულ საშენ მეურნეობაშია გამოყვანილი. დარგვის სამუშაოები მეტყევე-სპეციალისტების ზედამხედველობით განხორციელდა.