ეროვნული სატყეო პროგრამის ფარგლებში, სამუშაო შევხედრა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებსა და გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის მონაწილეებმა მიწის რეგისტრაციის სისტემურ პროცესზე იმსჯელეს, რომელსაც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტო ახორციელებს.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ აუცილებელია კონკრეტული რეგულაციების და წესების განსაზღვრა, რომელიც უზრუნველყოფს პროცესების სწორად წარმართვას, ისე, რომ, ერთის მხრივ, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სისტემური რეგისტრაციის პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს და, მეორე მხრივ, სრულად იყოს დაცული ტყის ინტერესები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ეროვნული სატყეო პროგრამის ფარგლებში, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმსჯელებს კანონმდებლობის დახვეწაზე, რითაც დარეგულირდება ტყის საზღვრებში მოქცეული ფართობების კორექტირების კონკრეტული საფუძვლები. სამუშაო ჯგუფი დაკომპლექტებულია სამინისტროს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით.
შეხვედრას პარლამენტის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.