აზერბაიჯანის დელეგაციის წევრები ტყითსარგებლობის მოდელს გაეცნენ

ბეჭდვა

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დელეგაციის წევრები, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში,  ლისის „საქმიან ეზოში“ იმყოფებოდნენ.  დელეგაციის წევრებს საქართველოში მიმდინარე სატყეო რეფორმებსა და  ტყითსარგებლობის წესის შესახებ ინფორმაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, კახა კაკაბაძემ გააცნო. 

„აზერბაიჯანელ კოლეგებს  ტყითსარგებლობის   მოდელი  გავაცანით. ვფიქრობთ, ქვეყნის მასშტაბით მოწყობილი  „საქმიანი ეზოების” ფუნქციონირება მნიშვნელოვნად შეამცირებს  ტყეზე უარყოფით ზეწოლას და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოსახლეობას ექნება გამარტივებული წვდომა საშეშე მერქანზე”, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, კახა კაკაბაძემ.

აღსანიშნავია, რომ ახალი სატყეო კოდექსის მიღების შემდეგ, ინტენსიურად მიმდინარეობს სატყეო რეფორმა, რომლის ფარგლებში ე.წ. „საქმიანი ეზოები“ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტშია მოწყობილი.  „საქმიანი ეზო“ უზრუნველყოფს მოსახლეობის მერქნული რესურსით მომარაგებას.  ქვეყნის მასშტაბით უკვე მოწყობილია  30  „საქმიანი ეზო”.  სამუშაოები მიმდინარეობს 9 „საქმიანი ეზოს“ მოწყობისთვის, რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება. ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, 2023 წელს, დამატებით, 17 „საქმიანი ეზოს“ მოწყობა იგეგემება.  შედეგად, მერქნული რესურსის დამზადების მიზნით ტყითსარგებლობა გაცილებით ეფექტიანად განხორციელდება,  შემცირდება უკანონო ჭრები. სააგენტოს კიდევ უფრო მოდერნიზება და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქმიანობის ეფექტიანი განხორციელებისთვის.  

„ორ ქვეყანას შორის გარემოს დაცვის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის  პრიორიტეტულ  მიმართულებებს შორისაა ტყის მდგრადი მართვის გამოცდილების გაზიარება. ყველა ის რეფორმა, რომელიც სატყეო სექტორში ხორციელდება, ტყის მდგრადი მართვის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. აზერბაიჯანშიც გვაქვს „საქმიანი ეზოს” მსგავსი მოდელი და თუ ჩვენი მეტყევეები ჩამოვლენ საქართველოში, გაეცნობიან აქაურ პრაქტიკას, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იქნება მომავალი თანამშრომლობისთვის”, - აღნიშნა აზერბაიჯანის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, მუხთარ ბაბაევმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიზანია, სოციალური ჭრა სატყეო სააგენტოს ისეთმა სერვისებმა ჩაანაცვლოს, რომელიც უფრო მეტად კომფორტული იქნება  მერქნული რესურსით მოსარგებლეებისთვის.