ანიმაციური ფილმი "ტყე ჩემი მეგობარია"
„ტყე ჩემი მეგობარია”- ანიმირებული მანგას პრემიერა კინოთეატრ „ამირანში” გაიმართა. ადამიანსა და ბუნებას შორის ჰარმონიასა და მშვიდობაზეა აგებული ახალი ანიმაციური ფილმის სიუჟეტი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), იაპონიის საელჩოსა და ეროვნული სატყეო სააგენტოს მხარდაჭერით შეიქმნა. ანიმაციის პრემიერას ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ნათია იორდანიშვილი, UNDP-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ნიკ ბერესფორდი და იაპონიის ელჩი საქართველოში, იმამურა აკირა ესწრებოდნენ.
ანიმაციური ფილმი „ტყე ჩემი მეგობარია“ აგებულია კლასიკური იაპონური მანგას მოდელზე. მასში მოთხრობილია ფანტასტიკური მძაფრსიუჟეტიანი ამბავი საკუთარი თავის ძიებაზე, ბრძოლასა და მეგობრობაზე. ანიმაცია ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „დემოკრატიის ლაბორატორია“ გაეროს განვითარების პროგრამის დაკვეთით გადაიღო. ფილმი ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის ნაწილია, რომელიც ტყის დაცვასა და მდგრად მართვას ემსახურება.
„საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს ტყის მდგრადი მართვის მიმართულებით. გარემოსდაცვითი ცნობიერება და განათლება ამ საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია. ადამიანებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, იმსჯელონ გარემოსდაცვით საკითხებზე და თავად ჩაერთონ პრობლემების მოგვარებაში“, - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ ნათია იორდანიშვილმა.
„იაპონიაში მანგა ყველა ასაკის ადამიანს უყვარს. მოხარული ვარ, რომ ჩვენი კულტურის ეს უნიკალური ნაწილი საქართველოს ტყეების დაცვის, ემისიების შემცირებისა და კლიმატის ცვლილების შერბილების საქმეს წაადგება“, - განაცხადა იაპონიის ელჩმა საქართველოში, იმამურა აკირამ.
„მსოფლიოს ისე ვერ შევცვლით, თუ ჯერ საკუთარი თავი არ შევცვალეთ. ეს რთული გზა იმის გაცნობიერებით იწყება, თუ როგორ უნდა მივიდეთ უცოდინრობიდან ცნობიერებამდე, ბუნების დაუფიქრებელი ექსპლოატაციიდან ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებამდე, კლიმატის ცვლილების კატასტროფიდან მწვანე და უსაფრთხო მომავლამდე. UNDP ხელს უწყობს კლიმატგონივრული განვითარების ამ საბაზისო პრინციპების გავრცელებასა და განხორციელებას. მოხარულები ვართ, რომ ამ საქმეში სხვადასხვა პარტნიორსა და მხარდამჭერთან ვთანამშრომლობთ, მათ შორის, იაპონიასთან, რათა ჩვენი სათქმელი მთელ საქართველოს გავაგებინოთ“, - აღნიშნა ნიკ ბერესფორდმა, UNDP-ის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში. პირველი ჩვენების შემდეგ, მანგა საქართველოს სოფლებში გაემგზავრება, სადაც სკოლის მოსწავლეებისა და ახალგაზრდობისთვის კინოჩვენება და დისკუსიები გაიმართება.