GCF პროექტის განხილვა ახმეტის მუნიციპალიტეტში

ბეჭდვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები კახა კაკაბაძე და ნინო თანდილაშვილი პროექტის „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა - ECO.Georgia“ მიმდინარეობის საკითხებს ახმეტის მუნიციპალიტეტში გაეცნენ.   აღნიშნულ 7 წლიან პროექტს საქართველოს მთავრობა დედოფლისწყაროს, თელავის, ახმეტის, ყვარლის,  ჩოხატაურის, ლანჩხუთის, ოზურგეთისა და  თიანეთის მუნიციპალიტეტებში ახორციელებს. 

ღონისძიებას გერმანიის საელჩოს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) და საქართველოში კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) პროექტის წარმომადგენლები, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები  ესწრებოდნენ.

„მნიშვნელოვანია, ყველა სექტორში არსებობდეს კლიმატის ცვლილების ადაპტაციისაკენ მიმართული ღონისძიებები, რომელიც არსებულ გამოწვევებს უპასუხებს. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ აღებული ვალდებულებების სრულყოფილად შესრულებისთვის, რათა განვახორციელოთ  ყველა ის ღონისძიება, რაც ხელს შეუწყობს კლიმატის ცვლილების შერბილებას არამარტო ეროვნულ, არამედ გლობალურ დონეზეც. ენერგოეფექტური ღუმელები, რომლის წარმოების მხარდაჭერასაც პროექტი ECO.Georgia ითვალისწინებს, მნიშვნელოვნად შეამცირებს ტყეზე ზეწოლას, ასევე, ხელს შეუწყობს ტყის რესურსების მდგრად გამოყენებას“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, კახა კაკაბაძემ. 

მინისტრის მოადგილეები, მოწვეულ სტუმრებთან ერთად,  ახმეტაში  ღუმელების საწარმოში იმყოფებოდნენ. ასევე, „საქმიან ეზოში“  მერქნული რესურსის დასაწყობების, დახარისხებისა და რეალიზაციის პროცესს გაეცნენ.  ტყეების მდგრადი მართვის ჩამოყალიბება მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის ეკოლოგიური, ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობისთვის, ისე კლიმატის ცვლილებისა ადაპტაციისა და შერბილების პროცესში.  

აღინიშნა, რომ  ღუმელების საწარმო შესაძლებელია ჩაერთოს სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ ინიცირებულ ენერგოეფექტური ღუმელების ვაუჩერების პროგრამაში, რომელიც ხორციელდება კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) პროექტის „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის გატარების მხარდაჭერა ტყის დეგრადაციით გამოწვეული სათბური აირების ემისიის შემცირების მიზნით“ ფარგლებში. 

ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად,  კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) მიერ გამოყოფილია  33 მლნ ევროს ოდენობის გრანტი. პროექტის განხორციელებისთვის 10 მილიონი ევროს კონტრიბუციას განახორციელებს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა, ხოლო შვეიცარიის კონფედერაციის დახმარება 4 მილიონი ევროა. ჯამში, გრანტის სახით გამოყოფილი თანხა 47 მილიონ ევროს შეადგენს.