10 ოქტომბერი - მეტყევის დღე

ბეჭდვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით,  შიომღვიმის მიმდებარე ტერიტორიაზე, მეტყევის დღე აღინიშნა. მინისტრის მოადგილემ, კახა კაკაბაძემ, მეტყევეებს პროფესიული დღე მიულოცა და სატყეო დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. გამოვლინდა წლის წარმატებული მეტყევეებიც, რომლებსაც განსაკუთრებულად რთული და რისკის შემცველი საქმიანობისთვის ჯილდოები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.  

მეტყევის პროფესიას საქართველოში დიდი ხნის ისტორია აქვს. მეტყევის პროფესიას განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს საქართველოს ბუნებრივი გარემო. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 43 %  ტყითაა დაფარული. ამ უნიკალურ ბუნებრივ სიმდიდრეს კი, დაცვა და შენარჩუნება სჭირდება.

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პროგრესი, რომელსაც დარგმა ბოლო წლების განმავლობაში მიაღწია, დღეს უკვე თვალსაჩინოა. სამინისტროსა და სააგენტოს მიერ გაწეული უზარმაზარი შრომის შედეგად: მოწესრიგდა კანონმდებლობა, გაუმჯობესდა მმართველობითი პროცესი, ეროვნულ სატყეო სააგენტოს აქვს კონკრეტული განვითარების სტრატეგია და მრავალწლიანი სამოქმედო გეგმა, სისტემური გახდა ტყის ინვენტარიზაცია და მართვის გეგმების მომზადება, გაიზარდა ტყის მოვლისა და აღდგენის ღონისძიებების მასშტაბები, განვითარდა სატყეო ინფრასტრუქტურა საქმიანი ეზოებისა და სატყეო გზების სახით, სააგენტოს ორგანიზებულ ხე-ტყის დამზადების სამუშაოებით ხელი ეწყობა მერქნის ბაზრის ჩამოყალიბებასა და ადგილზე სამუშაო ადგილების შექმნას“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, კახა კაკაბაძემ.

მეტყევეებს პროფესიული დღე მიულოცა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, ირაკლი მუკნიაშვილმაც. „საქართველოს ტყეს აქვს უზარმაზარი პოტენციალი, გარდა მისი უმთავრესი, ეკოლოგიური დანიშნულებისა, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაში. მრავალმიზნობრივი ტყითსარგებლობის გაძლიერება, იძლევა საშუალებას, მერქნული რესურსების გონივრულ გამოყენებასთან ერთად, ეფექტიანად იყოს გამოყენებული ტყეების არამერქნული რესურსი, ტყეების რეკრეაციული და ტურისტული პოტენციალი, რაც უმნიშვნელოვანესია სოფლად განვითარებისთვის. თუმცა, ამ სარგებლის გრძელვადიანად მიღება შეუძლებელი იქნება გამართული ინსტიტუციური სისტემის, საქმიანობის სწორად დაგეგმვის, ტყეების დაცვის, მოვლასა და აღდგენაზე ზრუნვის გარეშე, რაშიც მეტყევეების როლი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა”, - განაცხადა ირაკლი მუკნიაშვილმა.
სააგენტოს უფროსმა, ქვეყნის უნიკალური რესურსის დაცვისთვის გაწეული შრომისთვის, მადლობა გადაუხადა როგორც მეტყევეებს, ასევე, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის. წლების განმავლობაში, ეროვნულმა სატყეო სააგენტომ   არაერთი პროექტი განახორციელა GIZ -ის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP),  ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდისა (WWF),  CENN -ის და   სხვა პარტნიორების მხარდაჭერით.

ღონისძიებას  სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის რეგიონში დავით ნოზაძე და ადგილობრივი თვითმმართველონის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.