სოციალურად დაუცველი პირების დასაქმების პროგრამა

ბეჭდვა

სოციალური შემწეობის მიმღებ შრომისუნარიანი პირების საზოგადოებრივ სამუშაოებზე, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებული დასაქმების მასშტაბური პროგრამის ფარგლებში, ეროვნულმა სატყეო სააგენტომ, რეგიონულ სატყეო სამსახურებსა და „საქმიან ეზოებში“, ჯამში, 233 მოქალაქე დაასაქმა. 

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის ირაკლი მუკნიაშვილის განცხადებით, წლის ბოლომდე, სააგენტო საზოგადოებრივ სამუშაოებზე, დამატებით, მოთხოვნის შემთხვევაში, სოციალურად დაუცველ 200 მოქალაქეს დაასაქმებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ზესტაფონის „საქმიან ეზოში“ დასაქმების პროგრამის ფარგლებში დასაქმებულებს შეხვდნენ და მათ სამუშაო პირობებს ადგილზე გაეცნენ. ზესტაფონის „საქმიანი ეზო“ 2020 წლის სექტემბერში გაიხსნა.

დღეისათვის, აღნიშნულ ,,საქმიან ეზოში“ 9 მეტყევე და 3 დასაქმების პროგრამის ბენეფიციარია დასაქმებული. იმერეთის რეგიონის სატყეო სამსახური 12 მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ემსახურება. დასაქმების პროგრამის ფარგლებში, იმერეთის რეგიონში, უკვე დასაქმდა 37 სოციალური შემწეობის მიმღები პირი, რომლებიც ჩართულები არიან სატყეო-სამეურნეო ღონისძიებებში, რაც გულისხმობს - სოციალური ჭრის ფარგლებში ტყეკაფების გამოყოფას, სოციალური ტყეკაფებიდან ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემას შემდგომი ტრანსპორტირების მიზნით, „საქმიან ეზოებში“ სამასალე და საშეშე მერქნის დახარისხება-დასაწყობებას, საშეშე მერქნის პირდაპირი მიყიდვის წესით სარგებლობას და ტრანსპორტირების მომსახურებას. 

„დასაქმების პროგრამის ფარგლებში, იმერეთის სატყეო სამსახურში ვმუშაობ. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ  საზოგადოებრივი სამუშაო არ განაპირობებს სოციალური დახმარების შეწყვეტას. მყავს სამი მცირეწლოვანი შვილი, რომელსაც ვზრდი მარტო. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ოთხი წლის განმავლობაში შეგვინარჩუნდება  საარსებო შემწეობა, ამავდროულად, ვიქნები დასაქმებული და მექნება დამატებითი შემოსავალი”, - აღნიშნა დასაქმების პროგრამის ბენეფიციარმა, ეთერ ბაქრაძემ „საქმიან ეზოში“ გამართულ შეხვედრაზე. 

ეროვნული სატყეო სააგენტოს სისტემაში, სოციალური შემწეობის მიმღებ შრომისუნარიანი პირების საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის ბენეფიციარებისთვის 790 სამუშაო ადგილია განსაზღვრული. სააგენტოს 9 რეგიონულ სამსახურში უკვე დასაქმებულია: კახეთში 17 ბენეფიციარი (ტყის მცველი), ქვემო ქართლში - 33 (ტყის მცველი), შიდა ქართლში - 4 (ტყის მცველი), მცხეთა-მთიანეთში - 17 (ტყის მცველი), იმერეთში - 37 (ტყის მცველი) სამეგრელო -ზემო სვანეთში - 8 (ტყის მცველი), სამცხე ჯავახეთში - 21 ბენეფიციარი (ტყის მცველი), რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში - 46 (ტყის მცველი), გურიაში - 17 (ტყის მცველი). აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით, თითქმის ყველა რეგიონში, უკვე მოწყობილია 43 „საქმიანი ეზო“. 

„საქმიანი ეზოების“ მოწყობა, ტყის ახალი კოდექსით გათვალისწინებულ სხვა სიახლეებთან ერთად, ტყის მდგრადი მართვის დანერგვის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტს წარმოადგენს. სოციალური ჭრები ეტაპობრივად გაუქმდება და ეროვნული სატყეო სააგენტო ორგანიზებულად განახორციელებს "საქმიან ეზოებში" ხე-ტყის დამზადებას, დახარისხებას და დასაწყობებას.