წლის წარმატებული მეტყევეების დაჯილდოება
ეროვნულმა სატყეო სააგენტომ წლის წარმატებული მეტყევეები გამოავლინა. სააგენტოს უფროსმა, არჩილ ნიკოლეიშვილმა, განსაკუთრებულად რთული და რისკის შემცველი ყოველდღიური საქმიანობისთვის, როგორც რეგიონული სატყეო სამსახურების მეტყევეებს, ასევე ცენტრალური აპარატის თანამშრომლებს, სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
„ის, რომ საქართველოს ტყეს აქვს უზარმაზარი პოტენციალი, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაში, უდავოა. მრავალმიზნობრივი ტყითსარგებლობის გაძლიერება, რაც, მერქნული რესურსების გონივრულ გამოყენებასთან ერთად, იძლევა საშუალებას, ეფექტიანად იყოს გამოყენებული ტყეების არამერქნული რესურსიც, მისი რეკრეაციული და ტურისტული პოტენციალი, უმნიშვნელოვანესია სოფლად განვითარებისთვის. თუმცა, ამ სარგებლის გრძელვადიანად მიღება შეუძლებელი იქნება გამართული ინსტიტუციური სისტემის, საქმიანობის სწორად დაგეგმვის, ტყეების დაცვის, მოვლასა და აღდგენაზე ზრუნვის გარეშე, რაშიც გადამწყვეტი როლი ჩვენ პროფესიონალ მეტყევე სპეციალისტებს აქვთ. დარწმუნებული ვარ, სულ უფრო გაიზრდება იმ ახალგაზრდების რიცხვი, ვინც ამ პროფესიას დაეუფლება; ჩვენ ერთად შევძლებთ, დარგი განსაკუთრებულად წარმატებული გავხადოთ და განვითარებისთვის დასახულ მიზნებს მივაღწიოთ“, - განაცხადა არჩილ ნიკოლეიშვილმა.
სააგენტოს უფროსმა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. წლების განმავლობაში, ეროვნულმა სატყეო სააგენტომ არაერთი პროექტი განახორციელა GIZ -ის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდისა (WWF), CENN -ის და სხვა პარტნიორების მხარდაჭერით.
არჩილ ნიკოლეიშვილმა ახალგაზრდა მეცნიერისა და მეტყევის, „სანდრო ურუშაძის პრემია 2021“ მფლობელებიც დააჯილდოვა. პრემია საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებს ალექსანდრე ნარსიას და ელიზავეტა ავოიანს, ასევე, ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტს ნოდარ ბერიძეს გადაეცათ.
ადრეულ ასაკში გარდაცვლილი მეცნიერისა და მეტყევის, სანდრო ურუშაძის პრემია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის ინიციატივით, 2019 წელს დაარსდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტების, სამეცნიერო ინსტიტუტებსა და კვლევით ცენტრებში მოღვაწე, სახელმწიფო თუ არასამთავრობო სექტორში დასაქმებული ახალგაზრდა სპეციალისტების წასახალისებლად.