ტყის აღდგენის პროექტი ტყიბულის სატყეო უბანზე
ტყიბულის სატყეო უბნის მუხურისა და საწირის სატყეოებში დეგრადირებული ტყის აღდგენის პროექტი, ჯამში 6 ჰა ფართობზე განხორციელდება. ეროვნული სატყეო სააგენტოს სპეციალისტები აღდგენის პროექტს შეიმუშავებენ, ხოლო სამუშაოები 2027 წელს დაიწყება.
მუხურის ტერიტორიაზე კოლხური ბზის და წაბლის შერეული კორომი იყო გავრცელებული, რომელიც მავნებლის ზემოქმედების შედეგად დღეის მდგომარეობით განადგურებულია. პერიმეტრის შემოღობვისა და გაწმენდის შემდეგ დაიგეგმება ისეთი სახეობების დარგვა, რომლებიც თავდაპირველი ეკოსისტემის შენარჩუნებას უზრუნველყოფს. საწირის ტერიტორიაზე კი საორიენტაციოდ მუხის, ფიჭვის, წაბლისა და წიფლის სახეობების დარგვა იგეგმება.
„სატყეო რეფორმის ძირითადი მიზანი დეგრადირებული ტყეების აღდგენაა. ეროვნულმა სატყეო სააგენტომ მიმდინარე წელს ტყის აღდგენის ღონისძიებები ქვეყნის 9 რეგიონში, 2600 ჰა-მდე ფართობზე განახორციელა. ხოლო, გრძელვადიანი გეგმის მიხედვით ტყის აღდგენის ღონისძიებები ჯამში 51 000 ჰა-მდე ფართობზე იქნება განხორციელებული“- აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, ბესიკ ამირანაშვილმა.