წაბლნარი კორომების აღდგენის პროგრამა კახეთში

ბეჭდვა

ეროვნული სატყეო სააგენტო წაბლნარ კორომებში არსებული ვითარების შესწავლის სამუშაობს, ქვეყნის მასშტაბით, 2013 წლიდან უწყვეტად ახორციელებს. წაბლნარი კორომების აღდგენა-გაჯანსაღების პროგრამის ფარგლებში, იმერეთის რეგიონის შემდეგ,  საერთაშორისო ექსპერტის, ირინა მაციახისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს სპეციალისტების მონაწილეობით, წაბლნარი კორომების კვლევა კახეთის რეგიონში მიმდინარეობს.

კვლევები დაგეგმილია თელავის, ახმეტისა და ყვარლის სატყეო უბნებში და  მოიცავს წაბლის ქერქის კიბოსა და მისი პოტენციური ჰიპოვირულენტური შტამების ნიმუშების აღებას შემდგომი დამუშვებისათვის.

დაავადების წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებისა და ეფექტიანი საშუალებების მოძიების მიმართულებით მეცნიერები აქტიურად მუშაობენ, თუმცა, საერთაშორისო გამოცდილებით, დღეისათვის, ყველაზე გავრცელებული პრაქტიკა სანიტარიული ჭრები და დაავადების ბიოლოგიური კონტროლის მექანიზმებია.

წაბლის (Castanea sativa Mill) მასობრივი ხმობის პრობლემა საქართველოსთვის, ისევე როგორც ევროპის სხვა ქვეყნებისთვის,  მრავალი წელია არსებობს. მასობრივი ხმობის შემთხვევები, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში, ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლოს, ე.წ., „მელნისებრი ავადმყოფობის“ გავრცელების გამო გამოვლინდა. დღეისათვის, ხმობის გამომწვევ მიზეზად წაბლის ქერქის კიბო - Cryphonectria (Endothea) parasitica მიიჩნევა.