ფოთოლჭამია ხოჭო
სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს სპეციალისტების მიერ ქვემო ქართლის, კერძოდ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში - აბრამეთი, ამლივი, ორბეთი, გოლთეთი და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე, ასევე მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, გამოვლენილი იქნა ჯაგრცხილის (Carpinus orientalis) ფოთლების ძლიერი დაზიანება.
საველე დაკვირვებების საფუძველზე დაზიანების გამომწვევად იდენტიფიცირებული იქნა ფოთოლჭამია ხოჭო (Altica viridula).
როგორც ლარვები, ისე ზრდასრული ხოჭოები იკვებებიან ფოთლებით და ძლიერი გავრცელებისას იწვევენ მათ სკელეტონიზაციასა (რბილი ქსოვილების მოცილება) და ნაადრევ ჩამოცვენას. მნიშვნელოვანია, რომ მავნებელი ტოტებსა და ყლორტებს არ აზიანებს, შესაბამისად, ფოთლების ძლიერი დაზიანება თავისთავად არ ნიშნავს ხის ხმობას და ჯაგრცხილას შეუძლია ფოთლების აღდგენა იმავე, ან მომდევნო სავეგეტაციო პერიოდში.
მსგავსი მასობრივი გავრცელება აღწერილია ირანშიც (2022 წ.), სადაც A. viridula ჯაგრცხილის მნიშვნელოვან ფოთოლჭამია მავნებლადაა დაფიქსირებული, თუმცა ხეების ხმობა არ ყოფილა დადასტურებული.
რისკების და ზიანის ტიპის გათვალისწინებით, ამ ეტაპისთვის, ტყის ბუნებრივ ეკოსისტემაში ქიმიური ბრძოლის მეთოდის გამოყენება მიზანშეწონილი არ არის. სააგენტო განაგრძობს მავნებლის პოპულაციისა და დაზიანების დინამიკის მონიტორინგს, ასევე, მავნებლის ბუნებრივი მტრების შესწავლას, რადგან, საველე კვლევისას დაფიქსირდა ის მწერიც (Zicrona caerulea), რომელიც ზიანის მომტანი ხოჭოს ბუნებრივ რეგულაციაში მონაწილეობს