თიანეთში ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები დასრულდა
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ტყის მართვის ათწლიანი გეგმის შემუშავებისთვის, სახელმწიფო ტყეში ინვენტარიზაციის სამუშაოები, ჯამში, 40 900 ჰა ფართობზე დასრულდა. ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბესიკ ამირანაშვილი საველე სამუშაოების პირველად შედეგებს თიანეთის მუნიციპალიტეტში გაეცნო.
ინვენტარიზაციის შემდეგ, ტყის მართვის გეგმის პროექტი შემუშავდება, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი ყველა სატყეო-სამეურნეო ღონისძიება, მათ შორის, სანიტარიული ჭრები, ტყის აღდგენის ღონისძიებები, სატყეო გზების მოწყობა თუ სხვა.
„დღეის მდგომარეობით, ჩვენ ინვენტარიზაციის სამუშაოები სრულად გვაქვს ჩატარებული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული ტერიტორიის 50%- ზე მეტ ფართობზე. 2026 წელს, ინვენტარიზაციის სამუშაოები შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში ჯამში, 238 ათას ჰა ფართობზე განხორციელდება, რათა მომავალი ათი წლის განმავლობაში სწორად და ეფექტიანად დავგეგმოთ სატყეო-სამეურნეო ღონისძიებები“, - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა ბესიკ ამირანაშვილმა.
თიანეთის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო ტყის ინვენტარიზაცია, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) მიერ დაფინანსებული პროექტის - ECO Georgia-ს ფარგლებში, ეროვნულ სატყეო სააგენტოსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელდა.