10 ოქტომბერი - მეტყევის დღეა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ბოტანიკურ ბაღში, მეტყევის დღე აღინიშნა. მინისტრმა ოთარ შამუგიამ მეტყევეებს პროფესიული დღე მიულოცა და სატყეო სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. ღონისძიებაზე გამოვლინდა წლის წარმატებული მეტყევეებიც, რომლებსაც განსაკუთრებულად რთული და რისკის შემცველი საქმიანობისთვის ჯილდოები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. ღონისძიებაზე ვოდეორგლის „მე მეტყევე ვარ“ პრეზენტაცია გაიმართა.
„თითოეულ მეტყევეს ვულოცავ პროფესიული დღეს და განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი საქმიანობისთვის. მე ვიტყოდი, რომ ეს არის საამაყო, საპატიო და, ამავდროულად, ძალიან საპასუხისმგებლო პროფესია. მნიშვნელოვანია, რომ მეტყევეებს ჰქონდეთ სათანადო შრომის პირობები, ღირსეული ანაზღაურება, შესაბამისი აღჭურვილობა. ჩვენ წლებია ამაზე ვზრუნავთ. ჩვენი დღის წესრიგის ნაწილია, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტად განვითარდეს ჩვენი სატყეო სააგენტოს შესაძლებლობები, მეტყევეეს ჰქონდეთ სოციალური გარანტიები, შესაბამისი ინფრასტრუქტურა, აღჭურვილობა იმისთვის, რომ კიდევ უფრო ეფექტიანად შეძლონ საქმიანობის განხორციელება. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მეტყევეს, რომელიც კეთილსინდისიერად ემსახურება ჩვენს ქვეყანას”, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
მინისტრის განცხადებით, სატყეო სექტორს აქვს ის შედეგები, რომლებიც მომავალში კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოუტანს ქვეყნის მოსახლეობას. ამ სარგებლის მიღებისთვის საჭიროა ტყის რესურსის სწორი მართვა, ტყეების დაცვა, მოვლა და აღდგენაზე ზრუნვა, რაშიც მეტყევეების როლი განსაკუთრებულია.
მეტყევის დღის აღნიშვნის ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე.
კომიტეტის თავმჯდომარემ პროფესიული დღე მიულოცა მეტყევეებს და მადლობა გადაუხადა იმ რთული და სპეციფიკური საქმიანობისთვის, რასაც ტყეში მუშაობა ჰქვია.
„საქართველოს პარლამენტის ჩვენი კომიტეტის სახელით მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო სამინისტროსა და სააგენტოს, თითოეულ მეტყევეს. ჩვენ მაქსიმალურად რაც შეგვეძლება, სამინისტროსთან ერთად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გაუმჯობესდეს სააგენტოს მუშაობის ხარისხი”, - განაცხადა მაია ბითაძემ.
მეტყევეებს პროფესიული დღე მიულოცა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, კახა კაკაბაძემ. მინისტრის მოადგილემ ქვეყნის უნიკალური რესურსის დაცვისთვის გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა როგორც მეტყევეებს, ასევე, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გაჭეული მხარდაჭერისთვის. მისივე განცხადებით, ყოველწლიურად იზრდება ტყის აღდგენის მასშტაბები, თუმცა, ჯერ კიდევ გამოწვევაა უკანონო ტყითსარგებლობა და ამ მიმართულებით ხდება როგორც ეროვნული სატყეო სააგენტოს, ისე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტექნიკური და ადამიანური რესურსით გაძლიერება.
ღონისძიებაზე ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა კახა ცერცვაძემ საინფორმაციო კამპანიებში მუდმივი ჩართულობისთვის, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, სპორტსმენები, მსახიობები, მომღერლები და მედიის წარმომადგენლები დააჯილდოვა.
მეტყევის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას საკანონმდებლო ორგანოს, აკადემიური წრის, გარემოსდაცვითი არასმთავრობო და პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.