დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო კახეთში

ბეჭდვა

კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს.

სამართალდამრღვევს უკანონო სახერხი საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთში ჰქონდა დამონტაჟებული. საამქროს ტერიტორიაზეა აღმოჩენილი უკანონოდ მოპოვებული, ჯამში 15 კუბური მეტრი წიფელის სახეობის სამასალე მერქანი და პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი. სახერხი საამქრო დალუქულია და, უკანონოდ მოპოვებულ ხე-ტყესთან ერთად, გადატანილია ზემო ხოდაშენის საქმიან ეზოში.

„ეროვნული სატყეო სააგენტოს და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, სამართალდარღვევის გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, ერთობლივ ღონისძიებებს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ. სოფელ ომალოში გამოვლენილი ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს; მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაგზავნილია შესაბამის უწყებაში“, - განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა კახა ცერცვაძემ.