რეგიონული სატყეო სამსახურების 6 თვის ანგარიში

ბეჭდვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე რეგიონული სატყეო სამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდა და შესრულებული სამუშაოების 6 თვის ანგარიში მოისმინა.

ეროვნული სატყეო სააგენტო ქვეყანაში ტყის მართვის ძირითადი ორგანოა, რომლის პრიორიტეტული მიმართულებებია ტყის აღდგენა, ტყეების სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესება, ტყის ინვენტარიზაცია და მართვის გეგმების მომზადება. აღნიშნულ სატყეო ღონისძიებებს, დარგობრივი დეპარტამენტების წარმომადგენლებთან ერთად, 9 რეგიონული სატყეო სამსახურის თანამშრომლები ახორციელებენ.

ტყის ახალი კოდექსის ეფექტიანი აღსრულების ხელშეწყობის, მოსახლეობისა და კერძო სექტორის მერქნულ რესურსზე ხელმისაწვდომობის გამარტივებისა და სატყეო მეურნეობის განვითარების მიზნით, საქართველოს რეგიონებში მოწყობილია 55 „საქმიანი ეზო“, ხოლო 2024 წლის ბოლომდე 16 „საქმიანი ეზო“ მოეწყობა.

ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოების შედეგად, ინფორმაცია სრულად განახლებულია სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული 700 ათას ჰა-ზე მეტი ფართობისთვის და მომზადებულია ტყის მართვის ათწლიანი გეგმები. მიმდინარე პერიოდში, ტყის აღრიცხვის სამუშაოები მიმდინარეობს საქართველოს 4 რეგიონის 6 სხვადასხვა მუნიციპალიტეტში (ყვარელი, თელავი, თიანეთი, ონი, ცაგერი, ოზურგეთი) სულ - 265843 ჰა ფართობზე, რომლის დასრულების შემდეგ, მომავალი 10 წლისთვის შემუშავდება ტყის მართვის გეგმები. ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოებისთვის კვალიფიციური ახალგაზრდა კადრის მომზადებისთვის, სააგენტომ შეიმუშავა მიზნობრივი სამთვიანი პროგრამა. 2019-2024 წლებში გადამზადდა სატყეო განათლების მქონე 62 ახალგაზრდა, რომლებიც ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოებზე დასაქმდა.

ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ, მომზადდა ტყის აღდგენის გრძელვადიანი გეგმა, რომლის მიხედვითაც, 2030 წლამდე ტყის აღდგენის სამუშაოები 20 000 ჰა ფართობზე განხორციელდება. 2024 წლის ბოლომდე, ტყის აღდგენის ღონისძიებები 2286 ჰა ფართობზე იმერეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, გურიაში, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთსა და კახეთში განხორციელდება.

რაც შეეხება სამართალდარღვევის სტატისტიკას, 2024 წლის იანვრიდან ივნისის თვის ჩათვლით, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, ჯამში, ქვეყნის მასშტაბით ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 436 ფაქტია გამოვლენილი; „საქმიან ეზოებში“ დასაწყობებული რესურსის მოცულობამ 355,91 კუბური მეტრი შეადგინა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყის მთელ პერიმეტრზე განთავსებულია ფოტოხაფანგები. სატყეო სამსახურის თანამშრომლები პატრულირებას ახორცილებენ დრონების საშუალებითაც, რაც ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის გამოვლენის ეფექტიანი საშუალებაა.