ეროვნული სატყეო სააგენტოს 2023 წლის ანგარიში საქართველოს პარლამენტში

ბეჭდვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, კახა კაკაბაძემ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს ეროვნული სატყეო სააგენტოს 2023 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. 

„2013 წელს,  საქართველოს პარლამენტის მიერ ეროვნული სატყეო კონცეფციის მიღებით, სატყეო სექტორში დაიწყო მნიშვნელოვანი პროგრესი. სწორედ ამ დოკუმენტით განისაზღვრა ძირითადი სტრატეგიული მიმართულებები, რაც ქვეყანაში ტყის მდგრადი მართვის დანერგვის წინაპირობა გახდა. მოგვიანებით, შემუშავდა ტყის ახალი კოდექსი, რომელიც 2020 წელს დამტკიცდა. დღეისათვის, შეიძლება ითქვას, რომ სატყეო სექტორის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზა მოწესრიგებულია. ჩვენი მიზანია, საბოლოო ჯამში, მივიღოთ ტყის მართვის ეკოლოგიურად გონივრული, ეკონომიკურად წარმატებული და სოციალურად სამართლიანი სისტემა“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, კახა კაკაბაძემ. 

აღსანიშნავია, რომ ტყის ახალი კოდექსის ეფექტიანი აღსრულების ხელშეწყობის, მოსახლეობისა და კერძო სექტორის მერქნულ რესურსზე ხელმისაწვდომობის გამარტივებისა და სატყეო მეურნეობის განვითარების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით,  თითქმის ყველა რეგიონში 40 „საქმიანი ეზო“ მოეწყო. 2023 წლის ბოლომდე, 17 „საქმიანი ეზოს“ მოწყობის სამუშაოები დასრულდება, რაც უზრუნველყოფს  ტყესთან დაკავშირებული ყველა ინფორმაციისა და მომსახურების მიწოდების გამარტივებას. ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით,  2024 წლისთვის დაგეგმილია დამატებით 15 „საქმიანი ეზოს“ მოწყობა.

„მივიღეთ სრული ინფორმაცია სატყეო სექტორის რეფორმის მიმდინარეობის შესახებ. ახალმა ტყის კოდექსმა, როგორც ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულების შესრულების ერთ-ერთმა  მნიშვნელოვანმა გარანტმა,  მოგვცა  საფუძველი, დადგვედგინა  ახალი სამართლებრივი ჩარჩო  სატყეო სექტორის მართვის კუთხით, ტყის მადგრადი მართვის პრინციპების გათვალსიწინებით.   ტექნიკური საშუალებების შეძენისა და გადაიარაღების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული.  კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობს ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან,  ტყის მოვლა-აღდგენისა და ფიტოსანიტარიული  ღონისძიებების უფრო ეფექტიანად განხორციელებისთვის”, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ. 

კომიტეტის სხდომაზე აღინიშნა, რომ ტყის ინვენტარიზაციის  მეშვეობით  ხდება ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შეფასება. დღეისათვის, ინფორმაცია სრულად განახლებულია სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული 700 ათას ჰა-ზე მეტი ფართობისთვის და მომზადებულია ტყის მართვის ათწლიანი გეგმები.  ინფორმაციის სრულყოფის და ღონისძიებების გრძელვადიანად დაგეგმვის მიზნით,  2023 წელს, ტყის დეტალური ინვენტარიზაციის (FMP) საველე სამუშაოები  100 924 ჰა ფართობზე მიმდინარეობს.  მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში პირველად ხორციელდება სტატისტიკური მეთოდით ტყის ინვენტარიზაციაც, რომელიც ტყეების შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის საშუალებას იძლევა. სტატისტიკური მეთოდით ინვენტარიზაცია (FMI) 186 000 ჰა ფართობზე - დედოფლისწყაროს, ყვარლის, თელავის,  ლანჩხუთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში განხორციელდა. 

მიმდინარე წელს, ტყის მოვლისა და აღდგენის ღონისძიებებში საზოგადოებისა და კერძო სექტორის ჩართულობის გაზრდის უზრუნველსაყოფად,  შეიქმნა მოხალისეობრივი პლატფორმა  „ტყის მეგობარი“.  დღეის მდგომაროებით, დარეგისტრირებულია 969 მოხალისე.   „ტყის მეგობრის“ ფარგლებში მომზადებულია ტყის გაშენების პროექტი ჯვრის მონასტრის მიმდებარე ფერდობისთვის (31,1 ჰა). პროექტი განხორციელდება სრულად საზოგადოებისა და კერძო სექტორის ჩართულობით, პლატფორმის ფორმატში კორპორატიული თანამშრომლობის შედეგად მოზიდული როგორც ფინანსური, ისე ადამიანური რესურსით. 

2023 წელს, ეროვნულმა სატყეო სააგენტომ სპეციალური დანიშნულების ავტოპარკი სრულად განაახლა.  37 ერთეული „პიკაპის“ ტიპის მაღალი გამავლობის და 22 ერთეული  სპეციალური დანიშნულების ტექნიკა 9 რეგიონულ სატყეო სამსახურში გადანაწილდა.  სპეცტექნიკისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 6 068 550 ლარი, გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით 3 404 800 ლარი, ხოლო UNDP -ის მიერ 1 024 800 ლარი დაიხარჯა. 

აღსანიშნავია, რომ ეროვნულმა სატყეო სააგენტომ დაიწყო „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის გატარების მხარდაჭერა ტყის დეგრადაციით გამოწვეული სათბური აირების ემისიის შემცირების მიზნით“ პროექტით განსაზღვრული აქტივობებიც.  პროექტი მომდევნი 5 წლის განმავლობაში 8 სამიზნე მუნიციპალიტეტში განხორციელდება, რისთვისაც კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) მიერ გამოყოფილია 33 მლნ ევროს ოდენობის გრანტი, 10 მილიონი ევროს კონტრიბუციას განახორციელებს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა, ხოლო შვეიცარიის კონფედერაციის დახმარება 4 მილიონი ევროა.