გამაფრთხილებელი ნიშნები ტყის განაპირა ზოლებში

ბეჭდვა

ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაშია.  აგვისტოს თვე, ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო, განსაკურებით ხანძარსაშიში პერიოდია. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას - დაიცვან ტყეში უსაფრთხოების წესები! სტატისტიკის მიხედვით, ტყეში ხანძრის გამომწვევი ძირითადი მიზეზი ადამიანთა დაუდევრობაა. 

ხანძარსაშიშ უბნებსა და იმ ტერიტორიებზე, რომლებიც განსაკუთრებით დატვირთულია ტურისტულ სეზონზე, ეროვნული სატყეო სააგენტო ყოველწლიურად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საინფორმაციო-გამაფრთხილებელ ნიშნებს ანთავსებს.

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით,  გომბორის უღელტეხილზე,  შუამთის მიმდებარე ტერიტორიაზე,  საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა, სახელმწიფო ტყის განაპირა ზოლში გამაფრთხილებელი ნიშნებიც განათავსეს და დასუფთავების აქცია მოაწყვეს.

აქციის მონაწილეებმა მოუწოდეს მოსახლეობას,  დაემორჩილონ იმ აკრძალვებს, რომელიც ტერიტორიაზე საპიკნიკე ადგილების მოწყობისას და კოცონის დანთებისას ვრცელდება.

სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე კოცონის დანთება დასაშვებია ცეცხლის დასანთები ადგილის (ბაქანი) წინასწარი მოწყობის შემთხვევებში. ბაქნის წინასწარი მოწყობა გულისხმობს ცეცხლის კერიდან 1,5 მ რადიუსში ადვილად აალებადი მასალებისაგან (თივა, ხმელი ბალახი, ფოთლები, ფიჩხი) გაწმენდას.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ტყეებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევა, რასაც მოჰყვა ტყეში ხანძრის გაჩენა ან მისი გავრცელება გარკვეულ ფართობზე, აგრეთვე, ტყის მოსპობა ან დაზიანება ცეცხლის წაკიდების ან ცეცხლისადმი დაუდევრად მოპყრობის შედეგად, გამოიწვევს დაჯარიმებას 300-დან  500- ლარამდე. ტყეში დაუდევრობით გამოწვეული ხანძრის შემთხვევაში, კანონი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან რვა წლამდე.