„საქმიანი ეზოს“ მოწყობის სამუშაოები ოზურგეთის მუნიციპალიტეტში

ბეჭდვა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში „საქმიანი ეზოს“ მოწყობის სამუშაოებს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი კახა ცერცვაძე ადგილზე გაეცნო. 

„დღეის მდგომარეობით, გურიის რეგიონში „საქმიანი ეზოები“ ფუნქციონირებს ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში.  წლის ბოლომდე, დაგეგმილი გვაქვს ორი „საქმიანი ეზოს“  მოწყობა ლანჩხუთის და ერთის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ადგილობრივ მოსახლეობას  ყველა იმ სერვისთან ჰქონდეს გამარტივებული  წვდომა, რასაც სატყეო სააგენტო სთავაზობს.  „საქმიანი ეზოების“ ფუნქციონირების მთავარი მიზანი მოსახლეობისა და კერძო სექტორის მერქნულ რესურსზე ხელმისაწვდომობის გამარტივებაა.   სოციალური ჭრა ეტაპობრივად სატყეო სააგენტოს კომფორტული სერვისებით ჩანაცვლდება, რათა მოსახლეობისთვის ადვილად ხელმისაწვდომი გახდეს  საშეშე მერქანი“, - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ. 

ეროვნული სატყეო სააგენტოს  ინიციატივით, თითქმის ყველა რეგიონში  39 „საქმიანი ეზო“ ფუნქციონირებს, რაც უზრუნველყოფს  ტყესთან დაკავშირებული ყველა ინფორმაციისა და მომსახურების მიწოდების გამარტივებას. 2023 წლის ბოლომდე, ქვეყნის მასშტაბით, დამატებით 17 „საქმიანი ეზო“ მოეწყობა.