შეხვედრა მცხეთა-მთიანეთის თვითმმართველობის წარმომადგენლებთან

ბეჭდვა

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი არჩილ ნიკოლეიშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულს, დავით ნოზაძეს და მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა.  უწყების ხელმძღვანელმა შეხვედრის მონაწილეებს სატყეო რეფორმასა და „ტყის ახალი კოდექსით“ გათვალისწინებული ცვილებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. 

აღსანიშნავია, რომ ახალი კოდექსით სრულად უქმდება ხე-ტყის დამზადების გრძელვადიანი ლიცენზიები და „სოციალური ჭრის“ პრაქტიკა. ქვეყანაში მდგრადი სატყეო მეურნეობის მართვის მოდელის დანერგვა მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში,  ე.წ „საქმიანი ეზო“ მოეწყო.  ხე-ტყის დამზადება მოხდება ტყის მართვის ორგანოს მიერ, მოსახლეობა კი, შეძლებს როგორც საშეშე, ასევე სამასალე მერქანი „საქმიან ეზოში“ წლის ნებისმიერ პერიოდში შეიძინოს. შედეგად, მერქნული რესურსის დამზადების მიზნით ტყეთსარგებლობა განხორციელდება გაცილებით ეფექტიანად, შემცირდება ტყეზე უარყოფითი გავლენა, ასევე, მნიშვნელოვნად შემცირდება უკანონო ჭრების რისკები. 

„ტყის მართვის ახალ მოდელზე გადასვლა განპირობებულია იმ გარემოებით, რომ სექტორი არსებითად გადადის მეურნეობის წარმართვის პრინციპზე. რაც ეროვნულ სატყეო სააგენტოს ხდის უფრო მოქნილს და ეფექტიანს. სატყეო სააგენტოს შეუძლია გახდეს მნიშვნელოვანი მოთამაშე დასაქმების ბაზარზე, განსაკუთრებით მთიან რეგიონებში, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ცხოვრების გაუმჯობესებას. არსებითად მნიშვნელოვანია, ადგილობრივ მოსახლეობას ჰქონდეს სწორი და ზუსტი ინფორმაცია სააგენტოს სერვისების შესახებ, რაშიც მუნიციპალიტეტების მერების როლი მნიშვნელოვანია“, - განაცხადა არჩილ ნიკოლეიშვილმა.

ტყის ახალი კოდექსის მიზანია  უზრუნველყოს საქართველოს ტყის ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვა, აგრეთვე, ტყის   რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების შენარჩუნება ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური  ფუნქციების განსახორციელებლად. ტყის მართვის საფუძველი ტყის კოდექსში მოცემული ძირითადი პრინციპები და სამართლებრივი ინსტრუმენტები იქნება.

სატყეო სექტორის მართვის განახლებული ინსტიტუციური მოდელი უნდა პასუხობდეს როგორც სატყეო დარგში, ასევე ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს და ითვალისწინებდეს ისეთ ასპექტებს, როგორიცაა ტყის რესურსების რეკრეაციული გამოყენების სტიმულირება და სოფლის განვითარებაში ტყეების როლის ზრდა, რაც თავის მხრივ, შეამცირებს ტყეებზე სოციალურ ზეწოლას.  

ახალი ტყის კოდექსით სავალდებულო ხდება სატყეო სექტორში პროფესიონალი კადრების დასაქმება. ტყის მართვის ორგანომ უნდა უზრუნველყოს ტყის მართვაში მეტყევის და სატყეო საქმის სპეციალისტის სტატუსის მქონე პირების სავალდებულო მონაწილეობა.