დაავადებული წაბლნარი კორომების მონიტორინგი ზესტაფონში

ბეჭდვა

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი არჩილ ნიკოლეიშვილი იმერეთის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც ზესტაფონის მუნიციპალიტეტში,  წაბლნარ კორომებში დაავადების წინააღმდეგ ბიოლოგიური ბრძოლის მეთოდის გამოცდა მიმდინარეობს.

ტერიტორიაზე, გასული წლიდან მიმდინარეობდა სატყეო-პათოლოგიური შესწავლა, ასევე განხორციელდა ლაბორატორიული კვლევებიც.    ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ   დაქირავერბულმა საერთაშორისო ექსპერტმა ირინა მაციახმა, საქართველოში გასულ წელს შეგროვებული წაბლის ქერქის ნიმუშების ლაბორატორიული კვლევა შვეიცარიის WSL-ის ლაბორატორიაში განახორციელა.   გამოყვანილი ჰიპოვირულენტური  შტამების  გამრავლება საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ერთ-ერთი ლაბორატორიაში ხორციელდება, რის  შემდეგაც მოხდება მათი   დაავადებულ წაბლნარ კორომებში წინასწარ  მომზადებულ  ფართობებზე შეტანა.

შტამების შეტანისთანავე დაიწყება  ხეების მუდმივი მონიტორინგი და კონტროლი, რათა დადასტურდეს აღნიშნული საერთაშორისო ბრძოლის მეთოდის ეფექტურობა წაბლნარ კორომებში.   ღონისძიება სააგენტოს არსებობის ისტორიაში პირველად ხორციელდება და მნიშვნელოვანია, რომ დაავადების  წინააღმდეგ ბიოლოგიური ბრძოლა ისეთივე ეფექტურ შედეგს მოგვცემს,  როგორც ეს ევროპულ ქვეყნებში მიიღეს.

„ზესტაფონის მუნიციპალიტეტში წაბლნარი კორომების დაავადება წლების პრობლემა და გამოწვევაა. აქ არის კომპლექსური მიდგომები ჩვენი მხრიდან, ერთის მხრივ ეს არის სანიტარული ღონისძიებები, რომელსაც ეროვნული სატყეო სააგენტო ინტენსიურად ახორციელებს  და მეორეს მხრივ, აღდგენის ღონისძიებები, რომელიც ბილოგიური ბრძოლის მეთოდებს ითვალისწინებს, მათ შორის საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, რაც საშუალებას მოგვცემს გადავარჩინოთ უნიკალური სიმდიდრე და თაობებსაც დავუტოოთ ჯანსაღი ტყე“ - განაცხადა არჩილ ნიკოლეიშვილმა. 

დაავადების წინააღმდეგ გამოსაყენებელ მეთოდებსა და ეფექტურ საშუალებებზე მეცნიერები დღემდე მსჯელობენ, თუმცა, საერთაშორისო გამოცდილებით, ყველაზე გავრცელებულ პრაქტიკად სანიტარული ჭრები და დაავადების ბიოლოგიური კონტროლის მექანიზმები ითვლება.

წაბლის (Castanea sativa Mill.)  ხმობის პრობლემა ჩვენი ქვეყნისთვის (ისევე, როგორც ევროპისთვის) ბევრ წელს ითვლის. ხმობის შემთხვევები ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლოს გამოვლინდა, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში. მაშინდელი მკვლევარების თანახმად ხმობა გამოწვეული იყო ე.წ „მელნისებრი ავადმყოფობით“. დღეისათვის დადგენილი ხმობის გამომწვევია წაბლის ქერქის კიბო - Cryphonectria (Endothea) parasitica.