ნაქერალას უღელტეხილზე ბზის ალურის მონიტორინგი განხორციელდა
ეროვნული სატყეო სააგენტო, „კოლხური ბზის გადარჩენის ეროვნული სამოქმედო გეგმის’’ ფარგლებში 2016 წლიდან ახორციელებს სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ინვაზიური მავნებლის, ბზის ალურას (Cydalima perspectalis) წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებს. აღნიშნული ღონისძიებები მოიცავდა კოლხური ბზის დაზიანებული კორომების ბიოლოგიური ინსექტიციდით დამუშავებას (საქართველოს სამ რეგიონში: იმერეთი, სამეგრელო - ზემო სვანეთი და რაჭა - ლეჩხუმი ქვემო სვანეთის ტერიტორიაზე ჯამში იწამლებოდა 550 ჰექტარი), ფერომონიანი მწერმჭერების გამოყენებას და სხვა.
2018 წლის 20 თებერვალს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო პროგრამის (NFP) ფარგლებში გაიმართა I სამუშაო ჯგუფის - „ტყის აღდგენა და დაცვა“ შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც გადაწყდა ბიოლოგიური წამლობების შეჩერება (მიუხედავად რიგი პოზიტიური შედეგებისა, მრავალი გარემო ფაქტორის (მ.შ კლიმატის) ზემოქმედების ფონზე ბიოლოგიური საშუალებით ვერ იქნა მიღებული დროის მოკლე მონაკვეთში სასურველი შედეგი. შესაბამისად, სფეროს ექსპერტების, სამეცნიერო წრეების, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, აქცენტი გაკეთდეს საკონსერვაციო ქმედებებზე, გამოიყოს სანიმუშო ფართობები და მოხდეს მათი ქიმიური ინსექტიციდით დამუშავება.
სანიმუშო ფართობად შერჩეული იქნა ნაქერალას უღელტეხილზე არსებული კოლხური ბზის ბუნებრივი წარმოშობის კორომი, რომელიც 2019 წელს 3 ჯერ დამუშავდა ქიმიური ინსექტიციდით. სულ აღნიშნული ინსექტიციდით დამუშავდება 12 ჰა ფართობი. შედეგად წლის ბოლოს მავნებელი საერთოდ აღარ დაფიქსირდა ბზის კორომში, რის გამოც წამლობა მაღალი ეფექტიანობით ჩაითვალა.
2020 წელს სააგენტოს დაგეგმილი ჰქონდა ქიმიური ინსექტიციდით წამლობის გაგრძელება, მავნებლის დაფიქსირების შემთხვევაში, თუმცა განხორციელებული საველე კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ ბზის ალურას რიცხოვნობა მინიმუმამდეა დაყვანილი და ამ ეტაპზე არ საჭიროებს ინსექტიდიცით დამუშავებას. ბზის ხეებსა და ბუჩქებზე კი დაფიქსირდა ახალი ყლორტებისა და ფოთლების აქტიური ზრდა. შესაბამისად, მიმდინარე წელს, სააგენტოს მიერ ბზის კორომებში განთავსდა მხოლოდ ფერომონიანი მწერსაჭერები მავნებლის მონიტორინგის მიზნით. აღნიშნული მწერსაჭერებიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე კი მოხდება სამომავლოდ შესაბამისი ღონისძიების დაგეგმვა-განხორციელება.