სანიტარული ჭრები დაბა წაღვერის მიმდებარედ

ბეჭდვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სანიტარულ ჭრებს, დაბა წაღვერის მიმდებარედ, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, 60 ჰა ფართობზე ახორციელებს. ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი არჩილ ნიკოლეიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, დღეს მოსახლეობას შეხვდა და სანიტარული ჭრების მნიშვნელობაზე ესაუბრა, რომლის დანიშნულებაა დაავადებული ტყის კორომების გაჯანსაღება. ჭრაში ინიშნება ისეთი ხეები, რომელთა ადგილზე დატოვება განაპირობებს მავნებელ-დაავადებების გავრცელებას.

აღსანიშნავია, რომ ეროვნული სატყეო სააგენტო სანიტარული ჭრების პარალალურად ჭრაგავლილ იფართობების აღდგენის ღონისძიებებსაც ახორციელებს.

სამცხე-ჯავახეთის ტყის ფონდის ტერიტორიაზე არსებულ ნაძვნარ კორომებში მასიურადაა გავრცელებული მავნებელი-მბეჭდავი ქერქიჭამია (Ips typographus), რომელიც ჯერ კიდევ გასული საუკუნის 50-იან წლებში შემოყვა შემოტანილ ხე-ტყეს და საგრძნობლად დააკნინა ტყეების ხარისხი.

სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე (ახალციხის, ასპინძა-ახალქალაქის, ადიგენის, ბორჯომისა და ბაკურიანის ტყეებში), 26000 ჰაფართობზე, ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ 2011 წელს განხორციელდა ტყეებში მავნებლის გავრცელების შესწავლა. მიღებული დასკვნების საფუძველზე დაიგეგმა ბრძოლის ღონისძიებები. 2013 წლიდან მთელ ტერიტორიაზე ხდება ფერომონიანი მწერმჭერების განთავსება, მუდმივად ტარდება მონიტორინგი, მწერმჭერებში მავნებლის შეგროვება და განადგურება. სულ 2013-2019 წლებში დაჭერილი და განადგურებული იქნა 15 მილიონამდე ქერქიჭამია. აღნიშნული ღონისძიება გაგრძელდება 2020 წელსაც.