ლაგოდეხში ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები დაიწყება

ბეჭდვა

ლაგოდეხში, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები დაიწყება. საველე სამუშაოები 21 116 ჰა ფართობზე განხორციელდება, რომლის საფუძველზე 10 წლიანი მართვის გეგმა მომზადდება. ლაგოდეხში ტყის ბოლო ინვენტარიზაციის სამუშაოები 1993 წელს განხორციელდა.

საველე სამუშაოების დაწყებამდე, დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, საზოგადების ინფორმირებისა და შემდგომ ეტაპებზე დაინტერესებული მხარეების მაქსიმალური ჩართულობისთვის, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი არჩილ ნიკოლეიშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, ადგილობრივ მოსახლეობასა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შეხვდა. 

ქვეყანაში ტყის ინვენტარიზაციის განხორციელებისათვის საჭირო კვალიფიციური კადრის სიმცირის გამო, ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მომზადდა მეტყევე-ტაქსატორების გადამზადების სპეციალური, სამ თვიანი თეორიული და პრაქტიკული კურსი. სააგენტოს მეტყევე სპეციალისტების მიერ გადამზადდა 15 ახალგაზრდა მეტყევე, რომლებიც ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოებზე დასაქმდებიან. პროცესს მხარდაჭერას გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) უწევს.

ტყის ინვენტარიზაცია ტყის მდგრადი მართვის წინაპირობაა, რომლის მეშვეობით ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შეფასება და ყველა სახის სატყეო სამეურნეო ღონისძიების დაგეგმვა ხდება. მას 10 წლიანი სარევიზიო პერიოდი აქვს. პროცესის აღდგენა ეროვნულმა სატყეო სააგენტომ 2013 წლიდან შეძლო. დღეისათვის, ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ ინფორმაცია განახლებულია სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული 232 316 ჰა ფართობისათვის და მომზადებულია ტყის მართვის 10 წლიანი გეგმები.