21 მარტი - ტყის საერთაშორისო დღე

ბეჭდვა

საქართველო ტყის სიმდიდრით ევროპაში ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა. ქვეყნის ტერიტორიის 40 %-მდე ტყითაა დაფარული. ტყე ეროვნულ სიმდიდრეს წარმოადგენს. მისი ბუნებრივი პირობების დიდი მრავალფეროვნება საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობითაა განპირობებული. საქართველოს ბუნებრივი წარმოშობის ტყეები ძირითადად მთის ტყეებია და მათ ტყეების 98 % უკავიათ.

მრავალფეროვანია საქართველოს ტყეების სახეობრივი შემადგენლობა. ველურად იზრდება 400-მდე სხვადასხვა სახეობის ხე და ბუჩქი, გაერთიანებული 123 ბოტანიკურ გვარსა და 56 ოჯახში. მათ შორის, ხეები- 153 სახეობა; ბუჩქები-202 სახეობა; ნახევარბუჩქები -29 სახეობა; ლიანები -11 სახეობა.

საქართველოს ტყეებს მართავს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო. მართვას დაქვემდებარებული ფართობი 1 804 950 ჰა-ს შეადგენს. სახელმწიფო ტყეები განსაკუთრებულია ტყის პროდუქციაზე ეროვნული მეურნეობისა და მოსახლეობის მოთხოვნილების დაკმაყოფილებისა და რაც მთავარია, უდიდესი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სოციალურ-ეკოლოგიური ფუნქციების შესრულებისათვის, რაც ტყეების წყალმარეგულირებელ, ნიადაგდაცვით, კლიმატმარეგულირებელ, კურორტოლოგიურ, რეკრეაციულ, სანიტარულ-ჰიგიენურ, ესთეტიკურ და სხვა სასარგებლო თვისებებში გამოიხატება. სწორედ ამ სიმდიდრის შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ზრუნავს სატყეო სააგენტო. 25-30 წლის განმავლობაში შეზღუდული და შეიძლება ითქვას შეჩერებული იყო ისეთი მნიშვნელოვანი სატყეო-სამეურნეო ღონისძიებები, როგორიცაა: ტყეების ინვენტარიზაცია, ტყის აღდგენა, ტყის დაცვა და ა.შ.

სააგენტოს მიერ დაიწყო და დღემდე გრძელდება აღნიშნული ღონისძიებების განხორციელება. კერძოდ:
• ტყეების ინვენტარიზაცია ჩატარდა სამცხე-ჯავახეთის, გურიის, იმერეთის განსაზრვრულ ტერიტორიებზე, სულ 232127 ჰა ფართობზე. კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის რეგიონებში ტყის აღრიცხვის სამუშაოები ამ ეტაპზეც გრძელდება.2019 წელს 162358 ჰა ფართობი მოეწყობა.
• 2013-2018 წლებში ტყის აღდგენის ღონისძიებები (ტყის ბუნებრივი განახლება; ტყის გაშენება; სწრაფმზარდი სახეობების პლანტაციები, ტყის დროებითი სანერგეები) განხორციელდა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე 380 ჰა ფართობზე; 2019 -წელს განხორციელდება 455 ჰა ფართობზე. მათ შორის ტყის აღდგენის სამუშაოები განხორციელდება 2008 და 2017 წლების ნახანძრალ ფართობებზე, ბორჯომის ადმინისტრაციულ ტერიტორიებზე.
• აღსანიშნავია, რომ სატყეო სააგენტო ტყის აღდგენის ღონისძიებებს ახორციელებს თავისი ძალებით შეგროვილი თესლით, ტყის დროებით სანერგეებში გამოყვანილი სარგავი მასალით;
• წლების განმავლობაში ტყის ფონდის ტერიტორიაზე არ ტარდებოდა ტყის დაცვის ღონისძიებები, კერძოდ მავნებელ-დაავადებებისგან დაცვა. ამ მხრივ სააგენტომ მნიშვნელოვანი საქმიანობა განახორციელა. კერძოდ:
2014 წელს საჰაერო გზით მოხდა ფოთლოვანი მცენარეების შეწამვლა 1000 ჰა ფართობზე; 2015 წელს - 800 ჰა-ფართობზე;
26000 ჰა ფართობის შესწავლის შედეგებზე დაყრდნობით, სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე, განთავსდა 5000 ცალზე მეტი ფერომონიანი მწერმჭერი, რომელთა საშუალებითაც ხდებოდა ნაძვის ქერქიჭამიას-ტიპოგრაფის აღრიცხვა-განადგურება. სულ 2013-2018 წლებში განადგურდა 15 მილიონამდე მავნებელი. ბრძოლის ღონისძიებები და მავნებლის რიცხოვნობის მონიტორინგი 2019 წელსაც გაგრძელდება;
ტყის კორომების გაჯანსაღების მიზნით მავნებლით დაავადებულ ტყის კორომებში ტარდება სანიტარული ჭრები, შემდგომში ტყის აღდგენის ღონისძიებების განხორციელებით;
2016-2018 წლებში ბიოლოგიური პრეპარატის შესხურებით, 550 ჰა ფართობზე დამუშავდა ბზის ალურათი დაზიანებული კორომები იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და გურიის რეგიონებში.
• მნიშვნელოვანი წილი შეაქვს სააგენტოს მომავალი თაობის საგანმანათლებლო საქმიანობაში, ახალგაზრდა მეტყევეების პროფესიული ცოდნის ამაღლებაში;
• ასევე, მნიშვნელოვანია ის ფუნქციაც, რომ სატყეო-სამეურნეო საქმიანობას აწარმოებენ თითოეული ობიექტის მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობის წარმომადგენლები, შესაბამისად სააგენტო ზრუნავს მოსახლეობის დასაქმებაზე;
• სააგენტოში შეიქმნა სასწავლო ლიტერატურა, რომელიც დაეხმარება როგორც უმაღლესდამთავრებულ ახალგაზრდა მეტყევე სპეციალისტებს თავიანთ საქმიანობაში, ასევე პროფესიული სასწავლებლების სატყეო საქმის შემსწავლელებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2018 წელს ახალი „ტყის კოდექსის“ კანონპროექტი შეიმუშავა,რომელიც საქართველოს მთავრობამ დასამტკიცებლად პარლამენტს გადაუგზავნა. ახალი კოდექსის მიზანია შექმნას ტყის მდგრადი მართვის სამართლებრივი საფუძვლები, რამაც უნდა უზრუნველყოს საქართველოს ტყის ბიოლოგიური მრავალფეროვნების დაცვა, მისი ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური ფუნქციების განსახორციელებლად ტყის თვისებებისა და რესურსების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების შენარჩუნება და გაუმჯობესება. ახალი „ტყის კოდექსი“ მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ტყის მდგრად მართვას, რაშიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების აქტიური ჩართულობა.