21 მარტი - ტყის საერთაშორისო დღე
21 მარტს ტყის საერთაშორისო და დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნა.
ღონისძიების ფარგლებში, ანიმირებული მანგას „ტყე ჩემი მეგობარია” ჩვენება გაიმართა, რომელსაც დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძესთან, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროს კახა ცერცვაძესთან, UNDP-ის მუდმივ წარმომადგენელთან საქართველოში ნიკ ბერესფორდთან და იაპონიის ელჩის მოადგილე სუძუკი ტოშიუკისთან ერთად ესწრებოდნენ.
ანიმირებული მანგას „ტყე ჩემი მეგობარია” ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის ნაწილია და ადამიანსა და ბუნებას შორის ჰარმონიული ურთიერთობის მნიშვნელობას ეძღვნება. ფილმი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), იაპონიის საელჩოსა და ეროვნული სატყეო სააგენტოს მხარდაჭერით შეიქმნა.
„მანგას „ტყე ჩემი მეგობარია” ჩვენებას ჩვენს „მზის შვილებთან“ ერთად დავესწარით“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, კახა კაკაბაძემ, რომელმაც ღონისძიებაზე ჯანსაღი გარემოს მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტყე უნიკალური საგანძურია, რომელსაც მუდმივად სჭირდება ზრუნვა, რაშიც საზოგადოების როლი უმნიშვნელოვანესია.
„გარემოსდაცვითი განათლება და ტყის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. ადამიანებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, იმსჯელონ გარემოსდაცვით საკითხებზე და ჩაერთონ პრობლემების მოგვარებაში“, - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ.
ღონისძიების ფარგლებში, დაჯილდოვდნენ ახალგაზრდები ანიმაციის მე-2 ეპიზოდის საუკეთესო სცენარისთვის. კონკურსი გაეროს განვითარების პროგრამამ, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან თანამშრომლობით, გამოაცხადა. კონკურსის ფარგლებში გამოვლინდა სამი გამარჯვებული: დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანაანთკარის საჯარო სკოლის მოსწავლე ბარბარე არაბული; ეკოკლუბი AIA (ნია ადეიშვილი და ნუცა ონოფრიშვილი) და მცხეთის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბი „ქლოროფილი“ (ლუკა იმერლიშვილი, გიორგი ოდიშელიძე, მარიამ ქაცარავა, ქეთი გულბათაშვილი, ლიზი მრევლიშვილი, მარიამ თვალიაშვილი). გამარჯვებულებს პრიზები და საჩუქრები გადაეცათ.
„ტყე სიმდიდრეა და საქართველოსთვის ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ქვეყნის ტერიტორიის 40%-ზე მეტი ტყითაა დაფარული. ეს პროექტი მაგალითია იმის, რომ ტყის დაცვას სიკეთე მოაქვს როგორც ეკონომიკისთვის, ისევე ნებისმიერი ადამიანისთვის. ახალგაზრდების ჩართულობა და აქტიურობა უდიდეს როლს ასრულებს ტყის დაცვის საქმეში. ჩვენი ტყის დაცვის საინფორმაციო კამპანია აგებული იყო იაპინური მანგას სტილში გადაღებული ანიმაციის „ტყე ჩემი მეგობარია” გარშემო. მოხარულები ვართ, რომ ეს კრეატული პროექტი ინსპირაციისა და აქტივობის წყარო გახდა ბევრი ახალგაზრდისთვის საქართველოში“, - აღნიშნა გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ნიკ ბერესფორდმა.