ტყის მდგრადი მართვა საქართველოში პროექტის შეჯამება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, იაპონიის საელჩოსა და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებმა პროექტის „საქართველოში ტყის მდგრადი მართვა და კლიმატგონივრული ტყის მართვის პრაქტიკის მხარდაჭერა“ შედეგები შეაჯამეს.
პროექტი იაპონიის მთავრობის დაფინანსებითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით განხორციელდა და მისი ღირებულება 920,000 აშშ დოლარს აღემატებოდა.
პროექტის ფარგლებში, სრულად აღიჭურვა სამი საქმიანი ეზო, ჯიღაურაში ძეგვსა და ქვემო ლისში; გადამზადნენ მეტყევეები; საინფორმაციო კამპანია ჩატარდა ტყის მდგრადი მართვის საკითხებზე.
„ქვეყანაში მიმდინარე სატყეო რეფორმა მიმართულია ტყის სწორი მართვისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისკენ ისე, რომ, ერთი მხრივ, დაკმაყოფილებული იყოს ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებები, მეორე მხრივ, სატყეო სექტორმა წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. აღსანიშნავია, რომ ტყის რეფორმა ხელს უწყობს საქართველოს მთავრობის მიერ პარიზის შეთანხმების ფარგლებში აღებული ამბიციური ვალდებულებების შესრულებას, რაც გულისხმობს, 2030 წლისთვის, სათბურის აირების ემისიები 35 პროცენტამდე შემცირდეს. მივესალმებით საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობას ტყის მდგრადი მართვის, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისა და განათლების საქმეში”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ კახა კაკაბაძემ პროექტის შედეგების შემაჯამებელ ღონისძიებაზე.
ტყის დაცვის პროექტი გასული წლის აპრილიდან 2023 წლის მარტის ბოლომდე ხორციელდებოდა, რომლის ფარგლებშიც, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, სოფელ ჯიღაურაში „საქმიანი ეზო“ მოეწყო ხოლო, ძეგვისა და ქვემო ლისის „საქმიანი ეზოები“ შესაბამისი ტექნიკით, 4 ერთეული სატვირთო ავტომობილი, 3 „პიკაპის“ მარკის ავტომობილი, 1 ტრაქტორი და 3 ელექტროენერგიის გენერატორი, აღიჭურვა. ასევე, მეტყევეებს პერსონალური უსაფრთხოების ნაკრები, 100 ერთეული ცეცხლმაქრი, 30 ერთეული სპეციალური ცეცხლგამძლე ჩაფხუტი, 50 ერთეული რადიოგადამცემი (რაცია) და 3 კვადროციკლი გადაეცათ, რაც ტყის ხანძრების რისკების მართვას უწყობს ხელს. 60-მა სოციალურად დაუცველ ოჯახმა ენერგო ეფექტური ღუმლები, დაახლოებით 43,000-მდე მაცხოვრებელმა კი, ყოველდღიური საჭიროებისთვის, მდგრადი გზით დამზადებული საწვავი, ბიომასა მიიღო.
„მოხარულები ვართ, რომ იაპონიისა და საქართველოს თანამშრომლობა ხელს უწყობს დაბალნახშირბადიან ეკონომიკაზე გადასვლას და მწვანე ეკონომიკურ ზრდას”, - აღნიშნა იაპონიის ელჩის მოადგილემ საქართველოში სუძუკი ტოშიუკიმ.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოში ვიზიტით ჩამოსულმა იაპონელმა ექსპერტებმა ტყის მდგრადი მართვისა და ეკოტურიზმის განვითარების პრაქტიკული რეკომენდაციები შეიმუშავეს. ჩატარდა საინფორმაციო კამპანია „ტყე ჩემი მეგობარია“, რომელის მიზანი იყო ინფორმაციის გავრცელება ტყის დაცვისა და მდგრადი მართვის შესახებ. მოსახლეობასთან შეხვედრები მცხეთის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართა.
„მცხეთის მუნიციპალიტეტის მაგალითი ცხადყოფს, რომ ტყის რესურსების პასუხისმგებლიან გამოყენებას სიკეთე მოაქვს როგორც ადამინებისთვის, ისე ბუნებისა და ეკონომიკისთვის. განსაკუთრებით გვიხარია, რომ ჩვენი ხელშეწყობით, გაიზარდა ახალგაზრდების ჩართულობა გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების ინიციატივებში”, - თქვა გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ნიკ ბერესფორდმა.