სამასალე მერქნული რესურსის განკარგვის ახალი მოდელი

ბეჭდვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში,  ეროვნული სატყეო პროგრამის (NFP) ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე, მინისტრის მოადგილეებმა ნინო თანდილაშვილმა და კახა კაკაბაძემ,  ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა და კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციათა ქსელის (CENN) წარმომადგენლებმა დოკუმენტი „საქართველოში ხე-ტყის დამზადებისა და რეალიზაციის ხარჯეფექტიანი, გრძელვადიანი ბიზნესმოდელი“ განიხილეს.  

„სამასალე მერქნული რესურსის განკარგვის ახალი მოდელი მიზნად ისახავს, ერთი მხრივ,  კერძო სექტორის ხელშეწყობას სამასალე მერქნული რესურსის დამზადების სამუშაოების განხორციელების პროცესში და, მეორე მხრივ, სატყეო სააგენტოს შემოსავლების გაზრდას.  განვიხილეთ ახალი მოდელის უპირატესობები არსებულ სისტემასთან მიმართებაში და სამომავლო გეგმები,  თუ როგორ შეიძლება განხორციელდეს სატყეო სააგენტოს მხრიდან ახალი მოდელის დანერგვა პრაქტიკაში“,  - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ,  ნინო თანდილაშვილმა. 

დოკუმენტი „საქართველოში ხე-ტყის დამზადებისა და რეალიზაციის ხარჯეფექტიანი, გრძელვადიანი ბიზნეს მოდელი’’ მომზადდა პროექტის ,,ეროვნული სატყეო სააგენტოს რესურსებისა და ტყის კონსერვაციის დაფინანსების გაუმჯობესების მიზნით მერქნული რესურსის ხარჯეფექტიანი და მდგრადი მართვის სისტემის შემუშავება’’ ფარგლებში,  ბიომრავალფეროვნების  ფინანსირების  ინიციატივის (BIOFIN) მხარდაჭერით.