ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები ამბროლაურში
ეროვნული სატყეო სააგენტო, ქვეყნის მასშტაბით ინვენტარიზაციის სამუშაოებს აგრძელებს. ამბროლაურის სატყეო უბანზე სამუშაოები 81 000 ჰა ფართობზე მიმდინარეობს და 2022 წელს დასრულდება. ტყის ინვენტარიზაცია ტყის მდგრადი მართვისა და ყველა სახის სატყეო სამეურნეო ღონისძიების დაგეგმვის საფუძველს წარმოადგენს და მისი სარევიზიო პერიოდი 10 წელია. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ტყის ინვენტარიზაცია 90-ნი წლების შემდეგ არ განხორციელებულა. პროცესის აღდგენა ეროვნულმა სატყეო სააგენტომ 2013 წლიდან დაიწყო. დღეისათვის, ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ განახლებულია ინფორმაცია სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული 361 433 ჰა ფართობისთვის და მომზადებულია ტყის მართვის გეგმები მომავალი 10 წლიანი პერიოდისთვის.
ტყის ინვენტარიზაციის საველე სამუშაოებს და ტყის მართვის გეგმების შემუშავებას მეტყევე სპეციალისტები, ე.წ. ტაქსატორები ახორციელებენ. უკვე მრავალი წელია, საქართველოში ტაქსატორების დეფიციტია. სწორედ ამიტომ, 2019 წელს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სატყეო სააგენტოს ინიციატივით, სპეციალური სტაჟირების პროგრამა ამოქმედდა. პროგრამის ფარგლებში, 2019-2021 წლებში, გადამზადდა სატყეო განათლების მქონე 45 ახალგაზრდა, რომლებიც ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოებზე დასაქმდნენ.