გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელებს შეხვდა

ბეჭდვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელებს შეხვდა. სააგენტოს უფროსმა, არჩილ ნიკოლეიშვილმა მინისტრს სატყეო სექტორში  უკვე განხორციელებული  და მიმდინარე პროექტების ანგარიში   წარუდგინა. ლევან დავითაშვილმა, შეხვედრის მონაწილეებთან ეროვნული სატყეო სააგენტოს სამომავლო სამუშაო გეგმების დეტალები განიხილა.

შეხვედრაზე, ზამთრის სეზონთან დაკავშირებით, საშეშე, სამასალე და არამერქნულ რესურსზე მოსახლეობის მაღალი დამოკიდებულების გამო, მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ტყითსარგებლობის განვითარების საკითხს და ალტერნატიული წყაროების გამოყენების წახალისებას. 2020 წლიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწყებულია  შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება - ეწყობა საქმიანი ეზოები და სატყეო სამეურნეო გზები, რაც მოსახლეობის მიერ მერქნული რესურსის შეუფერხებლად ათვისებას უწყობს ხელს.

შეხვედრზე კოდექსის კიდევ ერთ სიახლეზე - ტყეების რეკრეაციული პოტენციალის ათვისებასა  და ეკოტურიზმის განვითარებაზე  იმსჯელეს. დღემდე წარმატებული პრაქტიკა საქართველოს მხოლოდ დაცულ ტერიტორიებზე ჰქონდა, კოდექსის მიღების შემდეგ დაიწყო ტყეების ეკოტურიზმის განვითარების გეგმების შემუშავება, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სოფლად განვითარებასა და მოსახლეობისთვის დამატებითი შესაძლებლობების გაჩენას.

ეროვნული სატყეო სააგენტოს პრიორიტეტად, გასული წლების მსგავსად, რჩება ეკოლოგიური,  ეკონომიკური და სოციალური მიმართულებები: ტყეების აღდგენა, ტყის სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესება, ტყის ინვენტარიზაცია და მართვის გეგმების მომზადება.  ყოველწლიურად, არანაკლებ 150 ჰა ფართობზე ტყის გაშენება და დამატებით ტერიტორიებზე ბუნებრივი განახლების ხელშეწყობა, მავნებელ დაავადებებთან ბრძოლა, ტყეების ნარჩენებისაგან გაწმენდა, ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებები, ინვენტარიზაციის პროცესის ინსტიტუციონალიზაცია.

ასევე, ორგანიზებული ტყითსარგებლობა და ლეგალურ მერქანზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. მრავალმიზნობრივი ტყითსარგებლობა - რეკრეაცია, ტურიზმი, არამერქნული რესურსები.  სატყეო განათლების ხელშეწყობა, რეგიონში სამუშაო ადგილების შექმნა - 2022 წელსაც ეროვნული სატყეო სააგენტოს პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.

ეროვნულ სატყეო სააგენტოში გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები იური ნოზაძე, ნინო თანდილაშვილი, გელა ხანიშვილი და ოთარ შამუგია ესწრებოდნენ.