ეროვნული სატყეო სააგენტო ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციულ ღონისძიებებს ყოველწლიურად ახორციელებს

ბეჭდვა

გლობალურ კლიმატურ ცვლილებებთან და ტემპერატურის მატებასთან ერთად, ტყისა და ველის ხანძრების მიზეზი, უმეტეს შემთხვევაში, ადამიანთა დაუდევრობაა.

ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული სამსახურების მეტყევე-სპეციალისტები გადამზადებულები არიან ტყის ხანძრების პრევენციისა და პირველადი რეაგირების მიმართულებით, რაც ტყის ხანძრების ქრობის ორგანიზებას, ტაქტიკას, საგანგებო სიტუაციების დროს მოქმედების წესებისა და პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის საკითხებს მოიცავს.

გარდა ამისა, ეროვნული სატყეო სააგენტო ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციულ ღონისძიებებს ყოვეწლიურად ახორციელებს, მათ შორისაა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისა და საინფორმაციო კამპანიები, რომელშიც საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და მოხალისეები იღებენ მონაწილეობას. 

ტყის ხანძრების რისკის შემცირების მიზნით, ქვეყნის ყველა რეგიონში, ყოველწლიურად ხდება დროებითი მეხანძრე-დარაჯების  აყვანა, რომლებიც, რეგიონული სატყეო სამსახურების მეტყევეებთან ერთად, ხანძარსაშიში უბნების მონიტორინგში იღებენ მონაწილეობას და ზედამხედველობას უწევენ განსაკუთრებით მაღალი რეკრეაციული დატვირთვის მქონე ტყის ტერიტორიებზე სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვას.

ტყეში გადაადგილებისას, წესების დაცვა და აკრძალვების დამორჩილება ტყისა და ველის ხანძრების წარმოშობის საუკეთესო პრევენციაა. ეროვნული სატყეო სააგენტო თხოვნით მიმართავს მოსახლეობას, გამოიჩინონ მაქსიმალური სიფრთხილე და, ხანძრის აღმოჩენის შემთხვევაში, დაუყონებლივ მიაწოდონ ინფორმაცია სამაშველო სამსახურებს.

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტი - 112
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზი - 153