შიდა ქართლის სახელწმიფო რწმუნებულთან სატყეო რეფორმის ფარგლებში შეხვედრა
ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა ბესიკ ამირანაშვილმა სატყეო სექტორში მიმდინარე რეფორმის მთავარი მიმართულებები შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულს სიმონ გულედანსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს გააცნო.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დაგეგმილი სატყეო რეფორმის მთავარი მიზანი, ტყის მონიტორინგისა და კონტროლის გაძლიერებასთან ერთად, ტყის დაცვისა და ტყითსარგებლობის პრაქტიკის გაუმჯობესებაა.
სამუშაო შეხვედრაზე, სამინისტროს ტყის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა კარლო ამირგულაშვილმა რეფორმის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრა. აღინიშნა, რომ ეროვნულ სატყეო სააგენტოს ტყის ფიზიკური დაცვის ფუნქცია უბრუნდება. გათვალისწინებულია 401 ტყის მცველის დამატება, რის შედეგადაც, თითო მცველზე დასაცავი ტერიტორია 10-15 ათასი ჰექტრიდან, საშუალოდ, 2 000 ჰექტრამდე შემცირდება.
„სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიზარდა ეროვნულ სატყეო სააგენტოში დასაქმებულთა სახელფასე ანაზღაურება, დაგეგმილია ტყის მცველების და მეტყევეების რიცხოვნობის ზრდა, მნიშვნელოვანია, რომ ყოველწლიურად იზრდება დეგრადირებული ტყის აღდგენის ღონისძიებების მასშტაბები, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები, რაც ერთობლიობაში უზრუნველყოფს ქვეყნის ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესებას, პროფესიის პოპულარიზაციასა და სატყეო განათლების ხელშეწყობას, სოფლად დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას“, - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, ბესიკ ამირანაშვილმა.
ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა შიდა ქართლის სატყეო სამსახურის ახალი ხელმძღვანელი, მიხეილ ბარნოვი წარადგინა. მიხეილ ბარნოვს საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.