სამცხე-ჯავახეთში მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, მავნებელი მწერის - მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებს აგრძელებს. 2020 წლის გაზაფხულზე, ეროვნულმა სატყეო სააგენტომ, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში (ბორჯომი, ბაკურიანი, ახალციხე, ადიგენი, ასპინძა), 3 ათასი ფერომონიანი მწერმჭერი განათავსა, რომლის საშუალებითაც მავნებლის რიცხოვნობის კონტროლი და მონიტორინგი ხორციელდება. ბორჯომის პლატო მავნებლით ყველაზე დაზიანებულ ადილს წარმოადგენს. ტერიტორიის დასახლებულ პუნქტთან სიახლოვის გამო, პლატო ძირითადი სარეკრიაციო ზონაა და მნიშვნელოვანია მისი გადარჩენა როგორც ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნების, ასევე, რეგიონის ტურისტული პოტენციალის გაუმჯობესების მიზნით. მონიტორინგის შედეგების საფუძველზე, სატყეო სააგენტო ტყის მოვლისა და აღდგენის კომპლექსური ღონისძიებების განხორციელებას მომდევნო წლებშიც გეგმავს.
სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე არსებულ ნაძვნარ კორომებში გავრცელებული მავნებელი - მბეჭდავი ქერქიჭამია გასული საუკუნის 50-იან წლებში შემოყვა შემოტანილ ხე-ტყეს და საგრძნობლად დააკნინა ტყეების ხარისხი. ეროვნული სატყეო სააგენტო მბეჭდავი ქერქიჭამიას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 26000 ჰა ფართობზე 2013 წლიდან ახორციელებს. მუდმივად ტარდება მონიტორინგი, მწერმჭერებში მავნებლის შეგროვება და განადგურება. სულ, 2013-2020 წლებში, დაჭერილი და განადგურებულია 25 მილიონამდე ქერქიჭამია.
გარდა აღნიშნული ღონისძიებისა, აუცილებელია ხმელი და დაავადებული ხეების ფართობიდან გამოტანა, რაც სანიტარული ჭრების საშუალებით ხდება. აღსანიშნავია, რომ ეროვნული სატყეო სააგენტო, სანიტარული ჭრების პარალალურად, ჭრაგავლილი ფართობების აღდგენის ღონისძიებებსაც ახორციელებს.