სატყეო სამსახურის ახალი ოფისი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში
ქალაქ ზუგდიდში, სატყეო სამსახურის ახალი ოფისის მშენებლობა მიმდინარეობს. მშენებლობა მიმდინარე წლის მაისის ბოლოსთვის დასრულდება. მოქალაქეები განახლებულ სივრცეში ეროვნული სატყეო სააგენტოს ყველა მომსახურებით ისარგებლებენ. შენობა აღჭურვილი იქნება საჭირო ინვენტარით და ტექნიკით.
მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ, სახელმწიფო რწმუნებულთან სამეგრელო-ზემო სვანეთში, გიორგი გუგუჩიასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ადგილობრივმა მოსახლეობამ მარტივად შეძლოს ეროვნული სატყეო სააგენტოს სერვისებით სარგებლობა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სააგენტოს მთავარ პრიორიტეტად რჩება თანამშრომელთა სოციალური გარანტიები და სამუშაო პირობები. განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით, სატყეო სააგენტო უზრუნველყოფს მეტყევეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევას, განსაკუთრებული სირთულის დავალების შესრულებისათვის წახალისების ფორმის გამოყენებას, რაც, ვფიქრობთ, მნიშვნელოვნად გაზრდის დასაქმებულთა მოტივაციას”, - განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ.
აღსანიშნავია, რომ რეგიონული სატყეო სამსახურების ოფისების რეაბილიტაცია თითქმის ყველა რეგიონში დასრულებულია. განახლდა ავტოპარკის ნაწილი და აღჭურვილობა.