ეროვნულ სატყეო სააგენტოს სპეცტექნიკა და აღჭურვილობა გადაეცა

ბეჭდვა

ეროვნულ სატყეო სააგენტოს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის „ეკოსერვის“ ფარგლებში, სპეციალური ტექნიკა და აღჭურვილობა გადაეცა. სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელებისთვის,   ამწე-მანიპულატორი, ბენზოხერხი (14 ცალი), კვადროციკლი, ბაგი (2 ცალი),  GPS - მოწყობილობა (7 ცალი)  და სპეცტანსაცმელი (ჩაფხუტი, ხელთათმანი, ჟილეტები, ფეხსაცმელი)  სატყეო სამსახურების რეგიონულ ოფისებსში  გადანაწილდება.

„პროგრამის ფარგლებში, ეროვნულმა სატყეო სააგენტომ რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთსა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში, ხე-ტყის დამზადება და  სატყეო გზების რეაბილიტაცია განახორციელა.  გარდა ამისა,  დამატებით დასაქმდა 120 სპეციალისტი, რომლებიც ხანძარსაშიში უბნების მონიტორინგსა და სხვა სატყეო ღონისძიებებში იყვნენ ჩართულები. სპეციალისტთა თანამდებობრივი სარგო სრულად დააფინანსა GIZ -მა.“ - განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა არჩილ ნიკოლეიშვილმა. 

გასულ წელს, ქვეყნის მასშტაბით, რეგიონული სატყეო სამსახურების ოფისების რეაბილიტაცია დაიწყო, განახლდა ავტოპარკის ნაწილი და აღჭურვილობა. დღეისათვის,  სატყეო  სააგენტოს რამდენიმე ათეული სპეცტექნიკა აქვს.  

„ტყის ახალი კოდექსის“ ამოქმედების შემდეგ, სააგენტო ხე-ტყის დამზადების პრაქტიკას ცვლის. სოციალური ჭრები ეტაპობრივად გაუქმდება, სააგენტო ორგანიზებულად განახორციელებს ხე-ტყის დამზადებას, დახარისხებასა და დასაწყობებას ე.წ. „საქმიან ეზოებში“, რომელიც საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში მოეწყო. თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა ეროვნული სატყეო სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტია.

პროგრამა „ეკოსერვს“  გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ) მხარდაჭერით ახორციელებს.