საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

დედოფლისწყაროში "საქმიანი ეზო" მოეწყო

ბეჭდვა

დედოფლისწყაროში „საქმიანი ეზო“ მოეწყო. 

ეროვნული სატყეო სააგენტო ხე-ტყის დამზადების პრაქტიკას ცვლის. სოციალური ჭრები ეტაპობრივად გაუქმდება, სააგენტო ორგანიზებულად განახორციელებს ხე-ტყის დამზადებას, დახარისხებასა და დასაწყობებას ე.წ. „საქმიან ეზოებში“.

ახალი კოდექსით გათვალისწინებული ტყის მართვის, მათ შორის, „საქმიანი ეზოების” მნიშვნელობაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ დედოფლისწყაროში, მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით,  „საქმიანი ეზო“ საქართველოს ყველა რეგიონში მოეწყობა. აღნიშნული ცვლილება გაუადვილებს მოსახლეობას და კერძო სექტორს ხე-ტყის შეძენას და ტრანსპორტირებას მათთვის სასურველ პერიოდში.

„აღსანიშნავია, რომ ტყის ახალი კოდექსი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა უკვე დაამტკიცა, სატყეო სექტორის რეფორმის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, რომლის მთავარი მიზანია მრავალმიზნობრივი ტყითსარგებლობის დამკვიდრება, ტყის ეკოსისტემების შენარჩუნება და დაცვა, სოციალური და ეკონომიკური სარგებლის გონივრული გამოყენება. ე.წ „საქმიანი ეზოს“ მოწყობა, კოდექსით გათვალისწინებულ სხვა საკითხებთან ერთად, ტყის მდგრადი მართვის დანერგვის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტს წარმოადგენს“, - განაცხადა იური ნოზაძემ.

„საქმიანი ეზოს“ მოწყობისთვის სამუშაოები უკვე დასრულებულია 12 ობიექტზე.  წლის ბოლომდე, ქვეყნის მასშტაბით, სულ 26 „საქმიანი ეზო“ მოეწყობა. შედეგად, მერქნული რესურსის დამზადების მიზნით, ტყითსარგებლობა განხორციელდება გაცილებით ეფექტიანად, შემცირდება უკანონო ჭრები და ტყეზე უარყოფითი გავლენა.