ახმეტაში ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები გრძელდება

ბეჭდვა

ახმეტაში, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, ინვენტარიზაციის სამუშაოები გრძელდება. 56 000 ჰა ფართობზე საველე სამუშაოებში, 26 ახალგაზრდა მეტყევეა დასაქმებული. მეტყევე-ტაქსატორებს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი არჩილ ნიკოლეიშვილი შეხვდა და სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.

ტყის ინვენტარიზაციის განხორციელებისათვის, ეროვნულმა სატყეო სააგენტომ მოამზადა მეტყევე-ტაქსატორების გადამზადების სამთვიანი თეორიული და პრაქტიკული კურსი. სპეციალისტების მიერ გადამზადდა 26 ახალგაზრდა მეტყევე, რომლებიც ინვენტარიზაციის სამუშაოებზე დასაქმდნენ. მეტყევე-ტაქსატორებს ეროვნულ სატყეო სააგენტოს უფროსი არჩილ ნიკოლეიშვილი შეხვდა - „სატყეო სექტორში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება შესაბამისი კვალიფიკაციის კადრების მომზადება. დარგის განვითარება დამოკიდებულია სწორედ ახალგაზრდა კვალიფიციურ კადრებზე, რომლის ნაკლებობასაც სექტორი წლების განმავლობაში განიცდიდა, შესაბამისად სატყეო საქმის სპეციალისტების გადამზადება და დასაქმება ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოებზე, გასული წლის მსგავსად, სააგენტოს ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება“ - განაცხადა არჩილ ნიკოლეიშვილმა.

ახმეტაში ტყის ბოლო ინვენტარიზაციის სამუშაოები 1993 წელს განხორციელდა. პროცესს მხარდაჭერას გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) უწევს. ტყის ინვენტარიზაცია ტყის მდგრადი მართვის წინაპირობაა, რომლის მეშვეობით ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შეფასება და ყველა სახის სატყეო სამეურნეო ღონისძიების დაგეგმვა ხდება. მას 10 წლიანი სარევიზიო პერიოდი აქვს. პროცესის აღდგენა ეროვნულმა სატყეო სააგენტომ 2013 წლიდან შეძლო. დღეისათვის, ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ ინფორმაცია განახლებულია სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული 232 316 ჰა ფართობისათვის და მომზადებულია ტყის მართვის 10 წლიანი გეგმები.