ტყის სექტორის მხარდაჭერის პროექტის „ECO.Georgia” შესახებ გურიის რეგიონში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ტყის სექტორის მხარდაჭერის პროექტის - „ECO.Georgia” ფარგლებში, გურიის მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედზერა პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, კლიმატის მწვანე ფონდის, გერმანიის, შვეიცარიისა და საქართველოს მთავრობების თანადაფინანსებით ახორციელებს. პროექტის მიზანია ტყეების მდგრადი მართვის გზით ემისიების შემცირება, ენერგოეფექტური და ალტერნატიული საწვავის პოპულარიზაცია. პროექტის ერთ-ერთი მთავარი განმახორციელებელი ეროვნული სატყეო სააგენტოა. სააგენტოსა და დონორის  ერთობლივი კონტრიბუციით, სამ სამიზნე რეგიონში - კახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და გურიაში 15 საქმიანი ეზოს მშენებლობა დასრულდა; სატყეო-სამეურნეო სამუშაოების ეფექტიანად განხორციელებისთვის, შეძენილია მაღალი გამავლობის ავტომანქანები  და სპეცტექნიკა; ტყის მართვის გეგმების შესამუშავებლად გატარდა შესაბამისი ღონისძიებები. 2024 წლისთვის, ეროვნულ სატყეო სააგენტოს 55 „საქმიანი ეზო“ აქვს მოწყობილი, საიდანაც მოსახლეობა შეძლებს საშეშე და სამასალე მერქნის შეძენას. საქმიანი ეზოების მოწყობა ყველა მუნიციპალიტეტშია დაგეგმილი.ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილის, დავით დამენიას განცხადებით, მერქნული რესურსის სწორი გამოყენება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მერქნის ლეგალური ბაზრის, ასევე ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას და უკანონო ტყითსარგებლობის რისკების შემცირებას. „მერქანზე ხელმისაწვდომობის გაზრდის, ეკონომიკურ ბრუნვაში ჩართვისა და კერძო სექტორის ხელშეწყობის უმთავრესი პირობაა სატყეო გზებისა და საქმიანი ეზოების განვითარება. ჩვენი მიზანია, საშეშე მერქნის ღირებულება მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს მოსახლეობისთვი. მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ საქმიან ეზოში დასაქმებულია მინიმუმ 7 ადგილობრივი მოსახლე”, - აღნიშნა დავით დამენიამ. საქმიან ეზოში დღევანდელი მდგომარეობით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, 1 მ3 საშეშე (სათბობი) რესურსის ფასი (წიწვოვანი, ფოთლოვანი) შეადგენს: • ფოთლოვანი მერქნიანი სახეობები - 105 ლარი (ტრანსპორტირებით); • წიწვოვანი მერქნიანი სახეობები - 100 ლარი (ტრანსპორტირებით);დადგენილი სარეალიზაციო ფასები ტრანსპორტირებით მოცემულია 30 კმ-ის ჩათვლით, ხოლო 30 კმ-ის ზევით ყოველ მომდევნო კილომეტრზე ფასს ემატება, 1 მ3-ისთვის - 0,50 ლარი; საშეშე მერქნული რესურსის დაპობა-დაჩეხვის მომსახურების ღირებულება 1კბმ-ზე შეადგენს 20 ლარს. მოსახლეობა საქმიან ეზოებში მომსახურეობის საფასურის გადახდას შეძლებს ლიბერთი ბანკის ტერმინალებით. პროექტს, 8 სამიზნე მუნიციპალიტეტში (სამი სამიზნე რეგიონი: კახეთი, გურია და მცხეთა-მთიანეთი, რვა სატყეო უბანი - ყვარელი, დედოფლისწყარო, თელავი, თიანეთი, ჩოხატაური, ოზურგეთი, ლანჩხუთი და ახმეტა), ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან ერთად, სოფლის განვითარების სააგენტო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა განათლების ცენტრი ახორციელებს.გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტის „ECO.Georgia“  ფარგლებში, უკანონო ტყითსარგებლობის მიმართულებით კონტროლის გაძლიერების მიზნით, მიმდინარეობს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის  შესაძლებლობების გაძლიერება და შესაბამისი ტექნიკით აღჭურვა. საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში, დაინტერესებულმა პირებმა ინფორმაცია მიიღეს სოფლის განვითარების სააგენტოს იმ მიზნობრივი პროგრამების შესახებ, რომლებიც ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვასა და პოპულარიზაციას უწყობს ხელს. აღსანიშნავია, რომ სოფლის განვითარების სააგენტოს  პროგრამები გულისხმობს, როგორც ენერგოეფექტური ღუმელებისა და ალტერნატიული საწვავის მწარმოებლების ხელშეწყობას, ასევე, მომხმარებლებისათვის ენერგოეფექტურ ღუმელებზე ხელმისაწვდომობის ზრდას.შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო სამიზნე მუნიციპალიტეტისათვის შეძენილი სხვადასხვა თანამედროვე ტექნიკა - დრონები, ფოტოხაფანგები, ვიდეორეგისტრატორები, პლანშეტები და სხვა. აღნიშნული აღჭურვილობა და შესაბამისი მანქანები გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს ეხმარება, უფრო ეფექტიანად განახორციელონ გარემოსდაცვითი მიმართულებით დარღვევების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. საინფორმაციო შეხვედრაზე გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლებმა გურიის (ოზურგეთის, ლანჩხუთი, ჩოხატაური) მოსახლეობას მათთვის საინტერესო თემებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, ადგილობრივი თვითმმართველობების და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

იხილეთ სრულად

პროექტი "ტყის მდგრადი მართვა ადიგენში - ფაზა II" დასრულებულია

ადიგენის მუნიციპალიტეტში პროექტი - „ტყის მდგრადი მართვა ადიგენის მუნიციპალიტეტში - ფაზა II“-ის შეაჯამეს. პროექტი სლოვენიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა, რისთვისაც 2023-2024 წლებში, ჯამში, 563,540 ევრო დაიხარჯა. პროექტი ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან ერთად, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდმა (WWF) და სლოვენიური კომპანიების კონსორციუმმა განახორციელა. აღსანიშნავია, რომ მხარეები პროექტის მესამე ფაზის საპროექტო განაცხადზე გააგრძელებენ მუშაობას, რომელიც სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 2025 წლიდან განხორციელდება. სლოვენიის დელეგაციის წარმომადგენლები პროექტის პირველი და მეორე ფაზის ფარგლებში განხორციელებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ. პროექტის ფარგლებში, სოფელ მოხეში ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა, ხოლო სოფელ კეხოვანში 5 კილომეტრამდე მონაკვეთზე სატყეო-სამეურნეო გზა მოეწყო; ადგილობრივი მოსახლეობის, სლოვენიელი მოხალისეებისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მონაწილეობით, სოფელ ნაქურდევში, საზაფხულო ბანაკების ფარგლებში, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები. გარდა აღნიშნულისა, პროექტის ფარგლებში არაერთი ღონისძიება განხორციელდა შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით: ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, ადგილობრივმა მოსახლეობამ და პროფესიული კოლეჯის წარმომადგენლებმა სხვადასხვა თემატიკის სასწავლო კურსები გაიარეს; სოფელ ჩორჩანას საქმიან ეზოში ტყეში უსაფრთხო მუშაობის, თანამედროვე ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოყენების დემონსტრირება გაიმართა.

იხილეთ სრულად

10 ოქტომბერი - მეტყევის დღეა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით,  ბოტანიკურ ბაღში, მეტყევის დღე აღინიშნა. მინისტრმა ოთარ შამუგიამ მეტყევეებს პროფესიული დღე მიულოცა და სატყეო სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. ღონისძიებაზე გამოვლინდა წლის წარმატებული მეტყევეებიც, რომლებსაც განსაკუთრებულად რთული და რისკის შემცველი საქმიანობისთვის ჯილდოები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. ღონისძიებაზე ვოდეორგლის „მე მეტყევე ვარ“ პრეზენტაცია გაიმართა. „თითოეულ მეტყევეს ვულოცავ პროფესიული დღეს და განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი საქმიანობისთვის. მე ვიტყოდი, რომ ეს არის საამაყო, საპატიო და, ამავდროულად, ძალიან საპასუხისმგებლო პროფესია. მნიშვნელოვანია, რომ მეტყევეებს ჰქონდეთ სათანადო შრომის პირობები, ღირსეული ანაზღაურება, შესაბამისი აღჭურვილობა. ჩვენ წლებია ამაზე ვზრუნავთ. ჩვენი დღის წესრიგის ნაწილია, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტად განვითარდეს ჩვენი სატყეო სააგენტოს შესაძლებლობები, მეტყევეეს ჰქონდეთ სოციალური გარანტიები, შესაბამისი ინფრასტრუქტურა, აღჭურვილობა იმისთვის, რომ კიდევ უფრო ეფექტიანად შეძლონ საქმიანობის განხორციელება. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მეტყევეს, რომელიც კეთილსინდისიერად ემსახურება ჩვენს ქვეყანას”, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.მინისტრის განცხადებით, სატყეო სექტორს აქვს  ის შედეგები, რომლებიც მომავალში კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოუტანს ქვეყნის მოსახლეობას. ამ სარგებლის მიღებისთვის საჭიროა ტყის რესურსის სწორი მართვა, ტყეების დაცვა, მოვლა და აღდგენაზე ზრუნვა,  რაშიც მეტყევეების როლი განსაკუთრებულია.მეტყევის დღის აღნიშვნის ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე.კომიტეტის თავმჯდომარემ პროფესიული დღე მიულოცა მეტყევეებს და მადლობა გადაუხადა იმ რთული და სპეციფიკური საქმიანობისთვის, რასაც ტყეში მუშაობა ჰქვია. „საქართველოს პარლამენტის ჩვენი კომიტეტის სახელით მინდა მხარდაჭერა  გამოვუცხადო სამინისტროსა და სააგენტოს, თითოეულ მეტყევეს. ჩვენ მაქსიმალურად რაც შეგვეძლება, სამინისტროსთან ერთად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გაუმჯობესდეს სააგენტოს მუშაობის ხარისხი”, - განაცხადა მაია ბითაძემ.მეტყევეებს პროფესიული დღე მიულოცა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ,  კახა კაკაბაძემ.   მინისტრის მოადგილემ  ქვეყნის უნიკალური რესურსის დაცვისთვის გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა როგორც მეტყევეებს, ასევე, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გაჭეული მხარდაჭერისთვის. მისივე განცხადებით, ყოველწლიურად იზრდება ტყის აღდგენის მასშტაბები,  თუმცა, ჯერ კიდევ გამოწვევაა უკანონო ტყითსარგებლობა და ამ მიმართულებით ხდება როგორც ეროვნული სატყეო სააგენტოს, ისე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტექნიკური და ადამიანური რესურსით გაძლიერება.  ღონისძიებაზე ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა კახა ცერცვაძემ  საინფორმაციო კამპანიებში მუდმივი ჩართულობისთვის, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, სპორტსმენები, მსახიობები, მომღერლები და მედიის წარმომადგენლები  დააჯილდოვა.მეტყევის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას  საკანონმდებლო ორგანოს, აკადემიური წრის, გარემოსდაცვითი არასმთავრობო და პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.   

იხილეთ სრულად

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების სექტემბრის თვის სტატისტიკა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 33 ფაქტი გამოავლინეს. ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 9 სამართალდარღვევა გამოვლენილია კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, 1 ფაქტი გამოვლენილია შიდა ქართლის, 6 - სამცხე-ჯავახეთის, 3 - სამეგრელო-ზემო სვანეთის, 2 - მცხეთა-მთიანეთის და  12  - იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ.  ჯამში  ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 582 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე, რომლებიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით,  ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, ჯამში, ქვეყნის მასშტაბით ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 546  ფაქტია გამოვლენილი; „საქმიან ეზოებში“ დასაწყობებული რესურსის მოცულობამ  1049 კუბური მეტრი შეადგინა.

იხილეთ სრულად

სიახლეები

პროექტები