ახალი ამბები

მოსახლეობის შეშით უზრუნველყოფა

მოსახლეობის შეშით უზრუნველყოფა

18 აგვისტო 2014

ლაგოდეხში, ეროვნული სატყეო პროგრამის ფარგლებში გაფართოებული შეხვედრა გაიმართა, რომელიც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა გახსნა. შეხვედრაზე საქართველოს ეროვნულ სატყეო კონცეფციაზე, სატყეო პოლიტიკასა და სატყეო სექტორში მიმდინარე რეფორმაზე იმსჯელეს. სატყეო პოლიტიკის სამსახურის და ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებმა საზოგადოებას ერვნული სატყეო კონცეფცია და სატყეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები გააცნეს. ასევე განხილულ იქნა მოსახლეობის სათბობი რესურსებით მომარაგების საკითხები. ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ წარმოდგენილი იყო მონაცემები სათბობი შეშით უზრუნველყოფის შესახებ 2014-2015 წლების ზამთრის სეზონისთვის. მოსახლეობის სათბობი შეშით უზრუნველყოფისათვის ყოველწლიურად ეროვნული სატყეო სააგენტო ახორციელებს საჭირო მერქნული რესურსის მოცულობის დადგენასა და ტყეკაფების გამოყოფას. კალენდარული წლის განმავლობაში ერთ კომლს (ოჯახს) შესაძლებელია მიეცეს არა უმეტეს 7 მ3 II ხარისხის ხე-ტყე. მიმდინარეობს მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომლის თანახმადაც გასაცემი საშეშე მერქნის მოცულობა განისაზღვრება ზონების მიხედვით. მაღალმთიანი- 15 კბ/მ ერთ კომლზე. დაბალი ზონა - 7 კბ/მ. 2014-2015 წლის ზამთრის სეზონისთვის ხელმისაწვდომია 570 018 კბმ საშეშე მერქანი, მათ შორის კახეთის რეგონში 138000 კბ/მ. აქედან, უკვე ათვისებულია 30 000 კბ/მ. დღეის მდგომარეობით ტყეკაფების გამოყოფის სამუშაოები დასრულებულია და მოსახლეობას შეუფერხებლად შეუძლია სათბობი შეშის მომარაგება. კახეთის რეგიონში მოხდება ტყეკაფამდე მისასვლელი 2,74 კმ ახალი სატყეო სამეურნეო გზის გაყვანა და 1,1 კმ არსებული გზის რეაბილიტაცია. კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა CENN წარმოადგინა რეკომენდაციები მოსახლეობის ენერგორესურსებით უზრუნველყოფის პროცესის ეფექტიანად წარმართვისთვის. შეხვედრას ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგებლები, სხვადასხვა უწყებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.