საქართველოს ტყეები

საქართველოს ტყეები

დედამიწაზე არსებულ ბუნებრივი სიმდიდრეებში ტყეს განსაკუთრებული ადგილი უკავია.

ტყეს ცოცხალი ორგანიზმებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ის გავლენას ახდენს ჟანგბადის და ნახშირბადის ბალანსზე (მსოფლიოს ტყეების დიდი რეგიონები „გამოიმუშავებენ“ ატმოსფეროში არსებული ჟანგბადის 50 %-ს). ტყე უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ეკოლოგიური წონასწორობისა ბიოსფეროში, უდიდესი დამგროვებელი მზის ენერგიისა და ბიოლოგიური მასისა. ტყეების ბიომასა ათეულობით აჭარბებს მცენარეული თანასაზოგადოებების სხვა ტიპების ბიომასას.

ტყე ამავდროულად არის ბიოსფეროს მნიშვნელოანი შემადგენელი ნაწილი, გეოგრაფიული ლანდშაფტის ელემენტი.

ტყე ასუფთავებს ჰაერს, არეგულირებს წყლის ნაკადებს, იცავს ნიადაგს ეროზიისაგან, დადებითად მოქმედებს ჰაერის მასების მოძრაობაზე და ტემპერატურაზე. ტყე არის ხალხის ჯანმრთელობა და დასვენება, წყარო მრავალფეროვანი ძვირფასი ნედლეულის.

ტყე მცენარეულობის ერთერთი ძირითადი ტიპია, რომელიც შედგება ხეების, ბუჩქების, ბალახოვანი და სხვა მცენარეების (ხავსები, მღიერები) ერთობლიობისაგან, მათთან ერთად ცხოველებისგან და მიკროორგანიზმებისაგან, რომლებიც თავიანთი განვითარების პროცესში ბიოლოგიურად ურთიერთ-დაკავშირებულნი არიან, მოქმედებენ ურთიერთზე და გარე სამყაროზე. ტყის აუცილებელი და მთავარი შემადგენელი კომპონენტია ხეები (ხევნარი).

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO, რომელიც ახორციელებს მსოფლიოს მასშტაბით ტყის რესურსების აღრიცხვას) განმარტებით ტყე არის ტერიტორია 0,5 ჰა-ზე მეტი ფართობით, სადაც არსებულ ხეთა ვარჯების პროექციათა ჯამი შეადგენს შესაბამისი ფართობის 10 %-ზე მეტს.

სახელმწიფო ტყეების და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მიკუთვნებული მიწების, მისი რესურსების ერთობლიობა წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო ტყის ფონდს.

ტყის ფონდის და მისი რესურსების მოვლასთან, დაცვასთან, აღდგენასთან და გამოყენებასთან დაკავშირებული სატყეო ურთიერთობები საქართველოში რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებითა და შეთანხმებებით, საქართველოს ტყის კოდექსით და სხვა ნორმატიული აქტებით.

საქართველო ტყით მდიდარი ქვეყანაა. ტყის ფონდის საერთო ფართობი 2010 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შეადგენს 3007.6 ათას ჰექტარს, ანუ ქვეყნის ტერიტორიის (6949.4 ათასი ჰექტარი)- 43.2%-ს. ტყის ფონდის საერთო ფართობიდან საკუთრივ ტყეს (ტყით დაფარულ მიწებს) უკავია 2822.4 ათასი ჰექტარი, ანუ ქვეყნის ტერიტორიის 40.6% (ტყიანობის პროცენტი). ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. მსოფლიოსთვის ეს მაჩვენებელი 27%-ია, ხოლო საქართველოს მეზობელი ქვეყნებისათვის 15%-ს არ ღემატება. ტყეებში მერქნის (ხეთა ღეროების) საერთო მარაგი შეადგენს 454.5 მლნ მ3- ს, ხოლო მერქნის მარაგის საშუალო წლიური ნამატი- 4.5 მლნ მ3-ს.

ქვეყნის ტყის ფონდის 680,7 ათასი ჰა (22,6%) მ.შ ტყით დაფარული 642.1 ათასი ჰა იმყოფება დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე (აფხაზეთი სულ-507,1 ათასი ჰა, მაშ. ტყით დაფარული-479,9 ათასი ჰა; სამაჩაბლო - სულ 173,6 ათასი ჰა, მ.შ. ტყით დაფარული 162,2 ათასი ჰა.). აღნიშნულ ტერიტორიებზე ჯერჯერობით საქართველოს იურისდიქცია არ ვრცელდება.

აკადემიკოს ვ. გულისაშვილის მონაცემებით საქართველოს ტყეები განლაგებულია 7 განსხვავებულ ბუნებრივ - ისტორიულ ტერიტორიაზე (ტყემცენარეულობის ოლქები). წარმოდგენილია როგორც ნახევრად უდაბნოების არიდული (ნათელი), ასევე კოლხეთის დაბლობის ჭარბტენიანი ტყეები. ტყემცენარეულობის ოლქები განსხვავებულია აგრეთვე ზღვის დონიდან სიმაღლის მიხედვით, რის გამოც თითოეულ ტყემცენარეულობის ოლქში გამოიყოფა ვერტიკალური სარტყლები. ვერტიკალური სარტყლიანობის მიხედვით ტყეები იწყება უშუალოდ შავი ზღვის პირიდან და ვრცელდება ზღვის დონიდან 2600 მ სიმაღლემდე (სუბტროპიკული ზონიდან ალპურ მდელოებამდე).

ტყის ფონდის 60% განეკუთვნება შავი ზღვის აუზს, 40% -კასპიის ზღვის აუზს. ტყის ფონდის 97% წარმოდგენილია მთის ტყეებით და განლაგებულია კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის განშტოებათა ფერდობებზე (69%-მათ შორის 1.3% წყალგამყოფი ქედის ჩრდილო განშტოებებზე) და მცირე კავკასიონის და სამხრეთ კავკასიის ვულკანური მთიანეთის მთათა სისტემების ფერდობებზე (28%), ხოლო 3% განეკუთვნება ბარის ტყეებს, აქედან 2% განლაგებულია კოლხეთის დაბლობზე, 1%- აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეების მტკვრის, ქციის, ივრის და ალაზნის ქვემო დინებების (ზღვის დონიდან 500-ზე ქვემოთ) მიმდებარე ვაკე რელიეფის ტერიტორიებზე.

თანახმად მოქმედი კანონმდებლობისა ამჟამად (ისევე, როგორც წარსულში) საქართველოს ტყის ფონდი არის სახელმწიფო საკუთრება.

სახელმწიფო ტყის ფონდის ფართობები ერთიანი სამეურნეო მიზნების, ეკოლოგიური, სოციალური, ეკონომიკური მნიშვნელობის და სხვა მახასითებლების მიხედვით იყოფა შემდეგ კატეგორიებად:

1.სახელმწიფო ტყის ფონდის დაცული ტერიტორიები - 312.9 ათასი ჰა, 10.4% ; მათ შორის:

ა) სახელმწიფო ნაკრძალები -136.6 ათასი ჰა,4.6%;

ბ) ეროვნული პარკები -134.8 ათასი ჰა, 4.5% ;

გ) ბუნების ძეგლები -0.3 ათასი ჰა;

დ) აღკვეთილები -33.7 ათასი ჰა, 1.1%;

ე) დაცული ლანდშაფტები -7.5 ათასი ჰა, 0.2%

2. სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდი -2694.7 ათასი ჰა, 89.6%. მათ შორის:

ა) საკურორტო ტყეები -119.4 ათასი ჰა, 4.0%

ბ) მწვანე ზონის ტყეები-276.5 ათასი ჰა, 9.2%

გ) ნიადაგდაცვითი და წყალმარეგულირებელი ტყეები -2298.8 ათასი ჰა, 76.4%

საკურორტო ტყეებს განეკუთვნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კურორტების სანიტარული დაცვის პირველ და მეორე ზონაში მოქცეული ტყეები.

მწვანე ზონის ტყეებს განეკუთვნება საქართველოს კანონმდებლობით ქალაქების, სამრეწველო ობიექტების და დასახლებული პუნქტების მიმდებარე ტყეები, რომელთა ძირითადი დანიშნულებაა ჯანსაღი გარემოს შენარჩუნება და მოსახლეობის დასვენების და გართობის პირობების უზრუნველყოფა.

ნიადაგდაცვითი და წყალმარეგულირებელი ტყეების კატეგორია, გარდა იმ ტერიტორიებისა, სადაც ხორციელდება სხვადასხვა სამეურნეო საქმიანობები, მოიცავს სამეურნეო საქმიანობის შეზღუდული რეჟიმის განსაკუთრებული ფუნქციონალური დანიშნულების უბნებს, რომელთა საერთო ფართობი აღემატება 1 მლნ. ჰექტარს (რელიქტური, ენდემური და წითელი ნუსხის სახეობებთ გაბატონებული ტყის უბნები, სუბალპური მდელოების მიმდებარე 300 მეტრიან ზოლში არსებული ტყის უბნები. 350-ზე მეტი დაქანების ფერდობებზე განლაგებული ტყის უბნები, მდინარეთა ნაპირების და გზების დაცვითი ტყის უბნები და სხვა).

ტყის ფონდი შესდგება ტყეებისა და ფონდის მიწებისგან, რომლებიც შემდეგნაირად ნაწილდება:

ტყეები სულ - 93.8%;

აქედან ხელოვნური ტყეები -2.5%;

ტყის ფონდის მიწები სულ - 6.2%;

აქედან:

სატყეო მიწები - 1.0%;

სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწები -2.4%;

სპეციალური დანიშნულების მიწები - 0.3%;

გამოუყენებელი მიწები - 2.5%.

საქართველოს განსაკუთრებული ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობა, მრავალფეროვანი კლიმატური პირობების, სხვადასხვა გენეზიის ფიტოლანდ-შაფტების შესაყარზე არსებობა განაპირობებს მცენარეული საფარის, მ .შ. ტყეების შემადგენელი მერქნიანი სახეობების იშვიათ მრავალფეროვნებას. ტყეებში ბუნებრივად გავრცელებულია 400-მდე მერქნიანი სახეობა. ტყეებისთვის დამახასიათებელია რელიქტურ სახეობათა სიუხვე და მერქნიან მცენარეთა მაღალი ენდემიზმი (საქართველოს ენდემია 61 სახეობა, ხოლო კავკასიის - 43). ტყეებში წარმოდგენილია წიწვოვანი და ფოთლოვანი, მარადმწვანე და ფოთოლმცვენი მერქნიანი სახეობები, მიწაზე გართხმული ბუჩქები და გიგანტი ხეები (60 მეტრამდე სიმაღლის და 2 მეტრამდე დიამეტრის ), ლიანები, პარაზიტი მცენარეები. ტყეებში უხვადაა სხვადასხვა სახეობის სოკოები, ველური ხილი და კენკრა, სამკურნალო და ტექნიკური ნედლეულის მომცემი მცენარეები.ძვირფასი სამასალე და სარეზონანსო მერქნიანი სახეობები.

ტყის ფონდში წარმოდგენილია 40-მდე სახეობის ინტროდუცირებული ხეები და ბუჩქები.

ტყის შემქმნელი ძირითადი მერქნიანი სახეობებით გაბატონებული კორომების ფართობების და მარაგების პროცენტული განაწილება შემდეგია:

წიფელი - ფართობი 42.6%, მარაგი -51.7%;

მუხა - ფართობი 10.3%, მარაგი -5.5%;

რცხილა -ფარტობი 10.3%, მარაგი -5.2%;

თხმელა - ფართობი 7.2 %, მარაგი - 3.6%;

სოჭი - ფართობი 7.2%, მარაგი - 17.4%;

ნაძვი - ფართობი 5.0%, მარაგი - 7.5%;

ფიჭვი - ფართობი 4.2%, მარაგი - 3.3%;

წაბლი - ფართობი 3.8%, მარაგი - 3.0%.

დანარჩენი მერქნიანი სახეობებით (40-მდე სახეობის ხეები და ბუჩქები) გაბატონებული კორომების ფართობები შეადგენს 9.4 %-ს, მარაგი- 2.8 %-ს.

კორომების საშუალო ბონიტეტია III, საშუალო სიხშირე-0.6, საშუალო ხნოვანობა- 99 წელი.

ტყეების 70%-ზე მეტი განლაგებულია ზღვის დონიდან 1000 მეტრ სამაღლეზე ზევით, 80% ზე მეტი - 200-ზე მეტი დაქანების ფერდობებზე.

ანალოგიურად მცენარეთა სამყაროსი მრავალფეროვანია ტყეებში არსებული ცხოველთა სამყარო, რაც ქმნის სამონადირეო მეურნეობის განვითარების ხელსაყრელ პირობებს.

არსებული ნორმატივებით და წესებით გათვლილი მერქნით სარგებლობის ყოველწლიური ოდენობა მთლიანად ქვეყნის ტყეებიდან შეადგენს 1.0 მლნ მ3-ს, აქედან მთავარი ჭრებით - 670 ათას მ3-ს, მოვლითი ჭრებით - 330 ათას მ3-ს.

ზემოთ მოცემული მაჩვენებლები სრულყოფილად ვერ ასახავენ ქვეყნის ტყეების თანამედროვე მდგომარეობას. მაჩვენებლები ძირითადად ეყრდნობა 80-იანი, 90-იანი წლების დასაწყისის მონაცემებს, მათში შემდგომში მომხდარი ცვლილებების არასრულყოფილად გათვალისწინებით.

ბოლო 20 წლის გამნმავლობაში ტყეთმოწყობის (ტყის ინვენტარიზაციის და მართვის გეგმის შედგენის) სამუშაოები განხორციელდა უმნიშვნელო მოცულობით. არ არსებობს სარწმუნო ინფორმაცია განვლილი ათწლეულების პერიოდში ტყის ფონდში განხორციელებულ ლეგალურ თუ არალეგალურ ქმედებებზე.

ადგილი ჰქონდა რესურსების (განსაკუთრებით მერქნის) მოპოვებას არამდგრადი მეთოდებით და ჭარბი ოდენობით, საქონლის არარეგულირებულ ძოვებას ტყეში. ყოველივე ამის შედეგია ტყის ეკოსისტემების დეგრადაცია, რესურსების შემცირება, გახშირებული სტიქიური მოვლენები.

ქვეყანას ტყეების უმეტესი ნაწილის ფაქტობრივ მდგომარეობაზე, რაოდენობრივ და ხარისხობრივ მაჩვენებლებზე, ტყის რესურსების შესაძლო მოპოვების ოპტიმალურ (ზღვრულ) ოდენობაზე მონაცემები არ გააჩნია.

არამდგრადი მეთოდებით ტყითსარგებლობა ხორციელდებოდა საუკუნეების განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო ათწლეულებში-არასტაბილურობის ენერგეტიკული, ფინანსური და ეკონომიკური კრიზისის პირობებში.

ტყეების მნიშვნელოვანი ნაწილის მდგომარეობა ამჟამად არადამაკმა-ყოფილებელია, რაც გამოიხატება შემდეგში: ტყის ფართობების 54% წარმოდგენილია 0,5 და ნაკლები სიხშირის კორომებით, ხშირად ადგილი აქვს მერქნიან სახეობათა არსასურველ ცვლას (ძვირფფასმერქნიანი სახეობების ადგილს იკავებს შედარებით დაბალი ღირებულების მეორადი წარმოშობის მერქნიანი სახეობები), ხშირია ეროზიული პროცესები- ნიადაგის და კორომების დეგრადირება, ადგილი აქ ტყის გავრცელების ზედა საზღვრის -სუბალპური ტყეების მნიშვნელოვნად დაბლა დაწევას, საკმაოდ დიდი ფართობებით არის წარმოდგენილი დაბალი სიხშირის კორომები ხშირი მარადმწვანე ქვეტყით და მაღალბალახეულობით,სადაც ტყეების ბუნებრივი განახლება ფაქტიურად არ მიმდინარეობს, საკმაოდ შემცირებული ტყეებში ძვირფასმერქნიან სახეობათა (წაბლი, თელა, ნეკერჩხალი, უთხოვარი, ბზა და სხვა) რაოდენობა მათი სხვადასხვა დანიშნულებით გამოყენების გამო. ამასთან ტყეების აღდგენის და მოვლის ღონისძიებები ხორციელდებოდა უმნიშვნელო ოდენობით.

უარყოფით გავლენას ახდენდა ტყეების მდგომარეობაზე მავნებელ დაავადებათა გავრცელება. ასეთი იყო გასული საუკუნის მეორე ნახევარში გავრცელებული ნაძვის დიდი ლაფანჭამია (Dendroctonus micans). ამჟამად მისი გავრცელების კერები გატარებული ეფექტური ღონისძიებების შედეგად მინიმუმამდეა დაყვანილი.

თითქმის მთლიანად განადგურდა თელის სახეობები თელის ჰოლანდიური დაავადების (Ophiostoma novo-ulmi) შედეგად. ასევე მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა წაბლნარებს წაბლის ქერქის კიბომ კიბომ (Cryphonectria (Endothia) parazitica).

მის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური ღონისძიებები დადგენილი არ არის.

მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ბზის კორომებს დაავადება ფოთლების სიდამწვრე (Cylindrocledium buxicola), რომელიც შენიშნულ იქნა ბოლო სამი წლის პერიოდში, მის წინააღმდეგაც ბრძოლის ეფექტური ღონისძიებები დადგენილი არ არის.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის 2011 წლი 4 აგვისტოს N299 დადგენილებით დამტკიცებულ იქნა საჯარო რეესტრის მიერ შემუშავებული ტყის ფონდის საზღვრები, რომლებიც ვერანაირად ვერ ასახავენ რეალურ მდგომარეობას და მოთხოვნებს. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 11 დეკემბრის N1742-1-ის დადგენილებით მიღებულ „საქართველოს ეროვნული სატყეო კონცეფცია“-ში დაფიქსირდა შემდეგი: „პრობლემას წარმოადგენს ბოლო წლებში საქართველოს ტყის ფონდის საზღვრების არაგონივრული შეცვლა, რომელთა შესახებ არსებული მონაცემებიც საჭიროებს დეტალურ შესწავლას და დაზუსტებას“.

განახლებული და დაზუსტებული მონაცემების (ფართობების განაწილება, ფუნქციონალური დანიშნულების, მიწის კატეგორიებისა და მართვის ფორმების მიხედვით) მიღება, შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც დაზუსტებული და კანომდებლობის შესაბამისად დარეგისტრირებულ იქნება ტყის ფონდის საზღვრები და ფართობები, აგრეთვე განხორციელებულ იქნება ტყის ფონდის ინვენტარიზაცია (ტყეთმოწყობა).

საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული „ეროვნული სატყეო კონცეფციით“ დასახულია ტყის მოვლის, დაცვის და აღდგენის ეფექტური ღონისძიებები. განსაზღვრულია სატყეო დარგის განვითარების სტრატეგია უახლოესი მომავლისთვის. განსაზღვრულია ტყეების მდგრადი მართვის აუცილებლობა.

ევროპის ტყეების დაცვის მინისტრთა კონფერენციის („ევროპის ტყეები“) მიერ მიღებული განმარტების თანახმად ტყის მდგრადი მართვა ნიშნავს ტყეებისა და ტყიანი ტერიტორიების ისეთი მეთოდებით მოვლასა და გამოყენებას, რომლებიც უზრუნველყოფენ მათი ბიომრავალფეროვნების, პროდუქტიულობის თვითაღ-დგენისა და სიცოცხლის უნარიანობის შენარჩუნებას ისე, რომ მათ ახლაც და მომავალშიც შეასრულონ შესაბამისი ეკოლოგიური, ეკონომიკური და სოციალური ფუნქციები ადგილობრივ, ეროვნულ და გლობალურ დონეებზე სხვა ეკოსისტემებზე ზიანის მიუყენებლად. აღნიშნული პრინციპებით უნდა ხელმძღვანელობდეს ტყის მართვაში მონაწილე ყველა სუბიექტი (სახელმწიფო უწყება, კერძო ორგანიზაცია, თემი და სხვა).

ტყეები თანამდროვე მსოფლიოს პრობლემაა. უკვე დიდი ხანია ტყის რესურსების (განსაკუთრებით მერქნის) მოხმარებამ გადააჭარბა ბუნების მწარმოებლურ ძალას, ამიტომ მწვავედ დადგა საკითხი ტყის მეურნეობის წარმოების გაუმჯობესებაზე, რომელიც უზრუნველყოფს უწყვეტ და რაციონალურ გამოყენებას და ტყის აღწარმოებას.