ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის ვიზიტი სლოვენიაში

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი კახა ცერცვაძე სამუშაო ვიზიტით სლოვენიის რესპუბლიკაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები სლოვენიის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და ტყის სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა, პროექტის  „ტყის მდგრადი მართვა ადიგენის მუნიციპალიტეტში, ფაზა II“ მიმდინარეობის საკითხები განიხილეს. აღნიშნული პროექტი საქართველოში სლოვენიის რესპუბლიკის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების ცენტრის (CMSR) მხარდაჭერით ხორციელდება.შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის თანამშრომლობას ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა, ურბანული ტყის მართვა, ტყის ინვენტარიზაცია, ტყეებში უსაფრთხო მუშაობის შესახებ სასწავლო პროგრამა. „სლოვენიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, ადიგენის მუნიციპალიტეტში ეროვნული სატყეო სააგენტო უმნიშვნელოვანეს პროექტს ახორციელებს. პროექტის მეორე ფაზა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადიგენის მუნიციპალიტეტში ტყეების მდგრადი მართვის განვითარებისთვის. სლოვენიური პრაქტიკის გათვალისწინებით, სატყეო გზები, ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა - საფეხმავლო ბილიკები, საბანაკე და საპიკნიკე ადგილები მოეწყობა“, - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ. აღსანიშნავია, რომ პროექტის „ტყის მდგრადი მართვა ადიგენის მუნიციპალიტეტში, ფაზა II“ ფარგლებში, გასული ორი წლის განმავლობაში, ადიგენის მუნიციპალიტეტში ინვენტარიზაციის სამუშაოები 30 ათას ჰა ფართობზე განხორციელდა, მომზადდა ტყის მართვისა და რეკრეაციული განვითარების გეგმები, „საქმიანი ეზო” ეფექტიანი ოპერირებისთვის საჭირო ტექნიკით აღიჭურვა, გადამზადდნენ სატყეო სააგენტოს თანამშრომლები. პროექტის ფარგლებში, ტყეებში უსაფრთხო მუშაობის შესახებ ფართომასშტაბიანი სასწავლო პროგრამაც განხორციელდა. პროექტის „ტყის მდგრადი მართვა ადიგენის მუნიციპალიტეტში“ ძირითადი მიზნები ადიგენის მუნიციპალიტეტში ტყეების მდგრადი მართვის და გარემოსდაცვით შეთანხმებებში გაერთიანებული ადგილობრივი თემების სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებაა. აღნიშნული პროექტი სლოვენიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, მსოფლიო ბუნების ფონდის (WWF) კავკასიის პროგრამის კონსორციუმის წარმომადგენლობისა და ზავიტა კონსალტინგის მიერ ხორციელდება. პროექტის სრული ბიუჯეტი 1,099,940 ევროს შეადგენს. ეროვნული სატყეო სააგენტოს კონტრიბუცია პროექტში 551,500 ევროა, ხოლო საგრანტო თანხის მოცულობა, ჯამში, 548,440 ევრო.გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, სლოვენიის რესპუბლიკაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სატყეო სააგენტოს და wwf წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები მაშუნისა და პაჰერნიკის ტყეებში იმყოფებოდნენ. მხარეებმა ტყის მდგრადი მართვის საკითხებთან დაკავშირებულ საკითხებზე და გამოცდილებაზე იმსჯელეს.

იხილეთ სრულად

კახა კაკაბაძის ვიზიტი ჩეხეთის რესპუბლიკაში

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე, ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, ჩეხეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა მორავიის კარსტის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციაში, სადაც საქართველოს და ჩეხეთის მხარის წარმომადგენლებმა ტყის და დაცული ლანდშაფტის მართვის პრინციპებზე იმსჯელეს.აღსანიშნავია, რომ საქართველოში ტყის სექტორის მართვის რეფორმის ფარგლებში, აქტიურად მიმდინარეობს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ეროვნული სატყეო სააგენტო თანამშრომლობს შესაბამის  ორგანიზაციებთან და ახორციელებს არაერთ მიზნობრივ პროგრამას, რაც რეფორმის წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორია. მიმდინარე აქტივობებს შორისაა ჩეხეთისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოების (CzDA/ADA) მიერ დაფინანსებული პროგრამა „არაგვის დაცული ლანდშაფტისა და ადგილობრივი თემების მდგრადი განვითარება“. ისევე როგორც ქვეყენაში მიმდინარე სატყეო რეფორმის, ასევე აღნიშნული პროგრამის პრიორიტეტული მიმართულება მრავალმიზნობრივი ტყითსარგებლობა, მათ შორის, ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაა.

იხილეთ სრულად

ჩეხეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე,  ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად,  ჩეხეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები ჩეხეთის რესპუბლიკის სახელმწიფოს სატყეო პოლიტიკას, ტყისა და დაცული ლანდშაფტების მართვის პრაქტიკას,    ტყის განვითარების გეგმებს, ასევე „საქმიანი ეზოების“ ფუნქციონირებისა და შეშის წარმოების სისტემას გაეცნენ.„საქართველოში სატყეო სექტორის რეფორმა აქტიურ ფაზაშია. ეროვნული სატყეო სააგენტო, ტყის მდგრადი პრინციპების გათვალისწინებით, ტყის მართვის ახალ მოდელზე გადადის. ტყის ახალი კოდექსის ეფექტიანი აღსრულების ხელშეწყობის, მოსახლეობისა და კერძო სექტორის მერქნულ რესურსზე ხელმისაწვდომობის გამარტივებისა და სატყეო მეურნეობის განვითარების მიზნით, მოწყობილია 54 „საქმიანი ეზო“, რასაც წელს კიდევ 16 დაემატება. რეფორმის წარმატებისთვის, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების გამოცდილების გაცნობა უდავოდ მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძემ.ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები სატყეო აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენაზე Silva Regina, ასევე, მსოფლიოში ცნობილ მორავიულ მღვიმეები იმყოფებოდნენ.აღსანიშნავია, რომ ჩეხეთისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოების (CzDA/ADA) მიერ დაფინანსებული პროგრამის „არაგვის დაცული ლანდშაფტისა და ადგილობრივი თემების მდგრადი განვითარება“ ფარგლებში, საქართველოში მიმდინარეობს პროექტი „ტყის მდგრადი მართვის დანერგვა არაგვის დაცულ ლანდშაფტში“, რომელსაც  ჩეხეთის ტყის მართვის ინსტიტუტი ახორციელებს.  

იხილეთ სრულად

21 მარტი ტყის საერთაშორისო და დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა

ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, ქუთაისში, წმ. ნინოს სახელობის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე  დარგვის აქციაც მოეწყო. მოსწავლეებმა ტყის მნიშვნელობის, მისი დაცვა-აღდგენის შესახებ ინფორმაცია მიიღეს და, სიმბოლურად, 21 ძირი წიწვოვანი და ფოთლოვანი სახეობის ნერგი დარგეს. დარგვის აქციას დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები, ქუთაისის დღის ცენტრის  - „ჯადოსნური სამყარო“ ბენეფიციარები შეუერთდნენ. „საზოგადოების ჩართულობა და პროცესის გამჭვირვალობა ტყის მდგრადი მართვის ერთ-ერთი წინაპირობაა; განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ახალგაზრდების დაინტერესებას და მათ აქტიურობას. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ პროფესიული განათლების ხელშეწყობა და დარგში ახალგაზრდა კადრის მოზიდვა ეროვნული სატყეო სააგენტოს ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს. იმედი გვაქვს, რომ სულ უფრო მეტი დაინტერესება იქნება როგორც ამ პროფესიით, ისე, ტყის ეკოსისტემის მოვლით და შენარჩუნებით“, - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ ნათია იორდანიშვილმა.21 მარტი ტყის საერთაშორისო დღედ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1971 წელს აღიარა. ამ დღის აღნიშვნის მიზანი ტყის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.

იხილეთ სრულად

სიახლეები

პროექტები